,,გაიზარდოს აშშ-ის მონაწილეობა ევროკავშირის ძალისხმევაში, რომელიც გულისხმობს მედიაციას ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის მიზნით. ცხადად უნდა იქნეს ნათქვამი, რომ სტატუს-კვო, ანუ ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, შეუთავსებელია ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობასთან“, _ ნათქვამია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯინ შაჰინისა და სენატორ რონ ჯონსონის სახელზე გაგზავნილ წერილში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამერიკელ სენატორებს საქართველოში არსებული კრიზისის თაობაზე გაუგზავნეს.
ასევე, წერილში აღნიშნულია, რომ დაყენებულ იქნეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების მოთხოვნა. უზენაესი სასამართლოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა.
,,გამოხატავენ რა მადლიერებას სენატში საქართველოს საკითხზე 23 მარტს გამართული მოსმენისა და ზოგადად, დემოკრატიის მშენებლობის გზაზე საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს დახმარებას თხოვენ შემდეგი მიზნების მიღწევაში:
გაიზარდოს აშშ-ის მონაწილეობა ევროკავშირის ძალისხმევაში, რომელიც გულისხმობს მედიაციას ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის მიზნით. ცხადად უნდა იქნეს ნათქვამი, რომ სტატუს-კვო, ანუ ფაქტობრივად, ერთპარტიული პარლამენტი, შეუთავსებელია ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობასთან.
უნდა მოხდეს კრიზისის დეესკალაცია ბრალდებულთა (ნიკა მელიას და გიორგი რურუას) პატიმრობიდან განთავისუფლებისა და საქმეების შეჩერების გზით, რომლებიც მომავალში რეფორმირებულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.
დაყენებულ იქნეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების მოთხოვნა. უზენაესი სასამართლოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოვებული ბარიერით. ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაიწყოს.
წახალისებულ უნდა იქნეს ძალაუფლების განაწილება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის პარლამენტში. გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა.
მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღებს ამ ვალდებულებებს, ოპოზიციამ უნდა დაიკავოს 2020 წლის არჩევნებში მიღებული ადგილები პარლამენტში, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკურ პროცესში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღწერილი რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში – ნათქვამია არასამთავრობოების წერილში.
წერილს ხელს აწერენ: ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, ,,ღია საზოგადოების ფონდი” და ,,ლიბერალური აკადემია თბილისი”


































































