დამიჯერეთ, საქართველოსთვის გადმოცემულ კითხვარში ისეთი არაფერი წერია, რომ ვინმემ რამე დაგიმალოთ, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
თალაკვაძის ინფორმაციით, პარლამენტს მთავრობასთან აქვს კომუნიკაცია და ევროკავშირთან შეთანხმებით დეტალური განხილვები იქნება უზრუნველყოფილი.
თალაკვაძის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია ხალხისთვის იმის თქმა, თითქოს კითხვარი ვიღაცამ გადამალა და არავის აჩვენებენ.
„ეს არასერიოზული საუბარია. ირაკლი კობახიძემ რადიკალურ ოპოზიციას მიმართა, ნუ შეუშლიან საქართველოს ხელს ამ მონაცემების დამუშავებასა და გადაგზავნაში. ვადასტურებ, რომ ეს არის ხელის შეშლა, როცა მართული მედიით მთელი დღე შუქდება, რომ თითქოს ვიღაც კითხვარს მალავს და არავის აჩვენებენ, რა წერია მასში.
კითხვარი ყველა იმ ინსტიტუტს, ორგანიზაციასა და ადამიანს მიეწოდება, ვინც პასუხისმგებელი და მოვალეა, კითხვარში მოცემულ საკითხებზე ინფორმაცია შეკრიბოს, დაამუშაოს და მიაწოდოს. მათ შორის არის პარლამენტი და პარლამენტის კომიტეტები. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ კითხვარი მაგიდის ქვეშ დამალა და არავის აჩვენებს, რადიკალური ოპოზიციის სიცრუეა.
კითხვარი სამი ბლოკისგან შედგება. ეს არის პოლიტიკური ბლოკი, სადაც კითხვები ეხება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პარლამენტს, მთავრობას, სამინისტროებს, კონსტიტუციურ ინსტიტუტებს. მეორეა სავაჭრო ეკონომიკური ბლოკი, სადაც კითხვები მოცემულია ექსპორტ-იმპორტთან, ფისკალურ-მონეტარულ პოლიტიკასთან, ეროვნულ ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან და სავაჭრო რეგულაციებთან დაკავშირებით. მესამე ბლოკი სექტორული ბლოკია – იქნება ეს სოციალური სისტემა, კულტურის დაცვის სფერო, სპორტის მიმართულება თუ სხვა.
თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია სჭირდება, ესეც იქნება, რაც შესაძლებელია ევროკავშირთან შეთანხმებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.