3 სექტემბერს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი ჟურნალისტებს შეხვდა და გომის მთაზე არსებული უკანონო მშენებლობების შესახებ ესაუბრა.
მან დაუფარავად გააკეთა მწვავე განცხადებები და თქვა, რომ ყველაფერი, რაც გომის მთაზე ხდება, არის ხელისფლების მიერ წახალისებული:
_ დღეს ჩემი მთავარი სათქმელი არის ის კატასტროფული ვითარება, რაც გომის მთაზე ვნახე. მე მქონდა ინფორმაცია, რომ იქ არის უკანონო მშენებლობები, თუმცა, რაც ვნახე, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი! წვიმის შემდეგ სოკო რომ ამოვა, სწორედ ასეა დაწყებული მშენებლობები და ამ დროს არცერთ მოქალაქეს მშენებლობის ნებართვა არ გააჩნია. ჩვენ, მოქალაქეები რომ ასე ვიქცევით, ეს არის კატასტროფა და სირცხვილი, თუმცა, ხელისუფლება რომ თვალს ხუჭავს, უფრო უარესია. მე კარგად დავინახე ერთი რამ _ ხელისუფლების ნების არარსებობა, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, საამისო ასპარეზი სხვაგან მაქვს, თუმცა, უნდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ ვიდრე გომის მთის სტატუსი განისაზღვრება, რომელიც დღეისთვის არ არსებობს, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამშენებლო პროცესი, _ თქვა მან და განმარტა ისიც, რომ გომის მთა არ არის ოზურგეთის საკუთრება, მიწა არის საქართველოს საკუთრება და ეკონომიკის სამინისტროს გამგებლობაში ანუ მთავრობის გამგებლობაშია.
არმაზ ახვლედიანმა, აღნიშნა, რომ ის შეხვდა ოზურგეთის მუნუციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შუქრი გაბრიჩიძეს და საკითხზე ისაუბრეს. შემდეგ კი თავად დაუკავშირდა სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია, რომელსაც სურდა საუბარი, თუ რა ღონისძიებებს ატარებს ხელისუფლება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ის გომის მთის საკითხს არ მოეშვება, სანამ პრობლემა ბოლომდე არ აღმოიფხვრება.
„გურია ნიუსის“ მკითხველისთვის გომისმთაზე არსებული პრობლემა ახალი არაა, რაც პოლიტოლოგთან შეხვედაზეც აღვნიშნეთ. სააგენტოს ვებგვერდზე და გაზეთში არაერთხელ გამოქვეყნდა გომისმთაზე არსებული უკანონო მშენებლობების შესახებ ინფორმაცია.
„გურია ნიუსი“ ისევ აგრძელებს საკითხის შესწავლას და თემაზე მუშაობას, რომელსაც ჩვენს მკითხველს აუცილებლად მივაწვდით.