სამოქალაქო აქტივისტი და ცხოველთა უფლებადამცველი ქრისტი ორაგველიძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ის, რაც დღეს ხდება მიუსაფარი ძაღლების მისამართით, ყველანაირად დაუშვებელია.
„სურსათის ეროვნული სააგენტო რასაც დღეს სჩადის, ეს არის უმძიმესი დანაშაული. 21-ე საუკუნეში, როცა ამდენი ხანია, ვცდილობთ, დაგვენერგა ჰუმანური მეთოდები, ერთ დღეში ამოატრიალეს ყველანაირი ჰუმანური სტანდარტი!
ტყეში გადაყრით და მათი დახოცვით პრობლემა არ მოგვარდება, თუ ეს ჰგონია სურსათის სააგენტოს მოგვარების გზა! ერთხელ მაინც მოესმინათ ცხოველთა უფლებადამცველებისთვის და გაიგებდნენ, რა არის პრობლემის მოგვარების გზები! პირველ რიგში, კერა უნდა იპვონ _ ეს კერა არის ოჯახის ცუგები. დაიწყონ უნდა პატრონიანი ცხოველების უ ფ ა ს ო სტერილიზაცია კასტრაცია !“ _ გვითხრა ქრისტი ორაგველიძემ.
მისივე თქმით, ასევე, უნდა შექმნან მობილური ჯგუფები. აღწერონ რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მასიური სტერილიზაცია.
„ჯერჯერობით, გურიაში არ შემოსულან, მაგრამ ჩვენ, ცხოველთა უფლებადამცველები, არცერთ მიუსაფარს არ გავწირავთ ჯალათების მიერ სასიკვდილოდ. ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ არ დაიწყებენ სწორი, ჰუმანურ მეთოდებით პრობლემის მოგვარებას.
აუცილებელია, სურსათის სააგენტომ მოგვისმინოს და შეწყვიტონ ცხოველების ხოცვა, ვითომ კანონის ხარჯზე!“ _ გვითხრა ქრისტი ორაგველიძემ.
ინფორმაციისთვის, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარის მეპატრონემ, თამაზ თამაზაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორის თავშესაფარში არსებულ კრემატორიუმში მოხდა ძაღლების კრემაცია.





































































