,,ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ დამენია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ეს საკითხი სიღრმისეულად განეხილათ, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
,,ჩემი ინფორმაციით, ამ წუთებშიც დაძაბული სიტუაციაა. საკრებულოსთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, სპეცრაზმი და საკრებულოს წევრებს თავმჯდომარესთანაც კი არ უშვებენ შენობაში. პარლამენტის ის წევრები, რომლებიც ჩასულები იყვნენ, არც კი შეუშვეს შენობაში. სამხარეო პოლიციის უფროსმა, ფაქტობრივად, ვერ განმუხტა მდგომარეობა. გუშინ პოლიცია იყო არაქმედითუნარიანი და ვითარების განსამუხტავად არაფერს აკეთებდა. ასეთი მოვლენები გვახსოვს წინა წლებში, როცა ,,ქართული ოცნების“ წევრები მარტვილის საკრებულოში შევარდნენ. გვახსოვს, მაშინ იყო ფანჯრებიდან სკამების სროლა და ფიზიკური დაპირისპირება. სამწუხაროდ, იგივე მეორდება დღესაც“, _ განაცხადა დამენიამ.
ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.
დღეს კი დილიდან ბორჯომში სამართალდამცველების დიდი რაოდენობა არის მობილიზებული.
ამავე თემაზე: ბორჯომში სპეცრაზმი შეიყვანეს _ “შენობაში არავის უშვებენ, თანამშრომლებსაც კი”