პენტაგონის პრესსპიკერის პეტ რაიდერის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფება “ჰარაკატ ალ-ნუჯაბის” ლიდერი, მუშტაკ ჯავად კაზიმ ალ-ჯავარი მოკლეს .
პეტ რაიდერის განცხადებით, ერაყში მყოფმა ამერიკულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა 4 იანვარს განახორციელეს.
მისივე ინფორმაციით, ერაყსა და სირიაში მოქმედი დაჯგუფების მეთაური აქტიურად მონაწილეობდა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში. პენტაგონში ასევე აღნიშნეს, რომ იერიში თავდაცვის ფარგლებში განხორციელდა და მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა.
ცნობისთვის, ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკულ კონტინგენტზე თავდასხმები 2023 წლის შემოდგომიდან გახშირდა, ისრაელსა და “ჰამასს” შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ამ თავდასხმებში ირანთან კავშირის მქონე დაჯგუფებებს ადანაშაულებს, არაერთი საპასუხო ოპერაცია ჩაატარა.