ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებს “პროდუქტიულს” უწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრამპმა Truth Social-ის პოსტში თქვა, რომ მოლაპარაკებებმა „ძალიან კარგი შანსია იმისა, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს“.
თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადანაშაულა პუტინი ომის გასაგრძელებლად მოლაპარაკებების გაჭიანურებაში, ხოლო სერ კირ სტარმერმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებით „თამაშების“ უფლება.
ამას გარდა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთის არმიის მიერ ალყაშემორტყმული უკრაინელების დანდობა სთხოვა.
“ამ კონკრეტულ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო რუსულ არმიას სრულ ალყაში ჰყავს, ისინი ძალიან ცუდ და მოწყვლად პოზიციაში არიან. მე მკაცრად მოვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნებოდა, ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ღმერთმა დალოცოს ყველა მათგანი!” – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ დადასტურებულა ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები რუსებმა ალყაში მოაქციეს.