აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლებმა სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული ბრალდება ოფიციალურად შეიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი 9 თებერვალს დაიწყება. პროცესის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლები, ე.წ. იმპიჩმენტის მენეჯერები ბრალდების მხარის როლს შეასრულებენ, ხოლო სენატორებს ნაფიც მსაჯულთა როლი დაეკისრებათ. იმპიჩმენტის პროცესს „დემოკრატი“ სენატორი, პატრიკ ლიხი უხელმძღვანელებს.
როგორც Reuters წერს, იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდება (100 სენატორიდან 67 სენატორის ხმაა საჭირო). სენატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
გამამტყუნებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სენატორებს ეძლევათ საშუალება, რომ ტრამპს მომავალში მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა აღუკვეთონ.
ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპს მხარდამჭერების მიმართ წარმოთქმული სიტყვით 6 იანვრის ამბოხების სტიმულირებაში ედება ბრალი.
ცნობისთვის, 14 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. იმპიჩმენტის რეზოლუციას მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 197 – წინააღმდეგ წავიდა.
11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 2019 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად გამოუცხადა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. 2019 წელს კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.