ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ) ბადრიჯანი ოთხად გავჭრათ, სიგრძეზე. ჩვეულებრივად, ოდნავ მარილში მოვწალოთ, გავწუროთ და დავდოთ.
ცალკე მოვამზადოთ სანელებლები _ სამი თავი ხახვი ალყად დავჭრათ, ასევე წვრილად დავჭრათ ერთი თავი ნივრის ლებნები, თითო კონა ქინძი, ნიახური და ოხრახუში. წიწაკა გემოვნებით. კარგად ავურიოთ ერთმანეთში და მოვასხათ ერთ ჩაის კოვზ თბილ წყალში გახსნილი ამდენივე კვაწარახი. კარგად ავურიოთ და ქვაბის ფსკერზე ჩასხმული ზეითუნის ზეთის შემდეგ, მოვაყაროთ ეს დაჭრილი მწვანილეული. პირველ ფენად ამ მწვანილეულზე დავაწყოთ სიგრძივად დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ ბადრიჯანი, მერე ისევ მწვანილეული, ცოტ-ცოტა მარილი. ბოლოს თავზე მოვაწყოთ საშუალო ზომის 8-10 ცალი პომიდორი. ასევე რამდენიმე ნაჭერი კარაქი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. კარტოფილი რომ მოიხარშება, მზადაა. ბოლოს, როცა მზად იქნება, მოვასხუროთ ისევ თბილ წყალში გახსნილი კვაწარახიანი ხსნარი.
მიირთვით და ნახავთ, როგორ განსაკუთრებული არომატი ექნება ამ უხორცო ჩანახს.