შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის სამოქმედო არეალი ეტაპობრივად ფართოვდება.
თბილისის და რუსთავის შემდეგ მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ბათუმშიც ამოქმედდება. ცერემონიას პოლიციის აკადემიის რექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი დაესწრო. მან მართლწესრიგის ოფიცრებს ფიცის მიღება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ფიცის მიღების ცერემონიაზე მსმენელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხსოვნას. ცერემონიაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცერთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება და ინსტიტუტი ყველა მსხვილ ქალაქში ამოქმედდება. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved