„მე ვთვლი, რომ ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
ტიკარაძე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროს.
12 იანვარს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ტიკარაძემ სატელეფონო საუბარში ასევე დაამატა: „მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ნამდვილად არ ცდება ივანიშვილი თავის გადაწყვეტილებებში არასდროს“.
მან არ უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა ისევ კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან.
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა და 2021 წლის დეკემბერში გადადგა. მანამდე იგი საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო და ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა.


































































