ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულთა შორის 4 ხულოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია.
აღნიშნულ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
„24 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარს ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრის, ოთხი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის ზაურ აბულაძის, დათო ქამადაძის, მარად შანთაძისა და როინ ჯოყილაძის სიცოცხლე შეეწირა.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მუნიციპალიტეტსა და სრულიად საქართველოს. ეს ტრაგედია უსაზღვრო და უმძიმესია თითოეული ჩვენგანისათვის“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 21 წლის გიორგი (კუკური) მორთულაძეა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.