„ბავშვები და მათი უსაფრთხოება ინტერნეტში” ამ თემაზე დღეს სასტუმრო რუმსში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დისკუსიის სახე ჰქონდა.
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მასიურად სარგებლობენ ინტერნეტით ძალიან ცოტა რამ კეთდება ციფრულ სამყაროში არსებული საფრთხეებისგან ბავშვების დასაცავად და უსაფრთხო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უყზრუნველსაყოფად.
ანგარიში ასევე ცხადყოფს იმასაც, რომ ბევრი ბავშვი ინტერნეტს მიღმაა დარჩენილი. მსოფლიო ახალგაზრდობის დაახლოებით ერთი მესამედი- 346 მილიონი არ სარგებლობს ინტერნეტით,რაც ამძაფრებს უთანასწორობას და ზღუდავს ბავშვების შესაძლებლობას მიიღონ მონაწილეობა მზარდ ციფრულ ეკონომიკაში.
ანგარიშში მოცემულ სხვა ფაქტებს შორის ასევე აღსანიშნავია,
ახალგაზრდების 71 პროცენტი ჩართულია ინტერნეტში, მაშინ როცა მსოფლიოს მთლიანი მოსახლეობის 48 პროცენტი სარგებლობს ინტერნეტით.
აფრიკელი ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად სარგებლობენ ინტერნეტით, 5-დან 3 ახალგაზრდა არ სარგებლობს ინტერნეტით, მაშინ როცა ევროპაში მსგავსი მაჩვენებელი 25-დან 1-ს შეადგენს.
არსებული ინტერნეტ გვერდების დაახლოებით 56 პროცენტი ინგლისურ ენაზეა და ბევრ ბავშვს არ ესმის გვერდებზე მოცემული ინფორმაციის შინაარსი ან ასეთი ინფორმაცია შეუსაბამოა მათი კულტურული გარემოსთვის,
ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის შემცველი 10 ინერნეტ გვერდიდან 9-ზე მეტი განთავსებულია 5 ქვეყანაში, კერძოდ, კანადაში, საფრანგეთში, ჰოოლანდიაში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებში.
საქართველოში არსებული სიტუაცია, უსაფრთხო ინტერნეტი და თვითრეგულირების მექანიზმები, საკანონმდებლო ინიციატივები – ინტერნეტ სივრცეში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან ეფექტიანი დაცვის ხელშეწყობა_ეს ის თემებია, რის შესახებაც დღეს სასტუმრო რუმსში იმსჯელეს.
როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, კომიტეტი ბავშვთა უსაფრთხო ინტერნეტის პროგრამაზე მუშაობს.
„ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ბოლო პერიოდია ბავშვთა უსაფრთხო ინტერნეტის პროგრამაზე მუშაობს. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი მოზარდები დავიცვათ იმ ტიპის ინფორმაციებისგან, რომელიც შეიძლება ზიანის შემცველი აღმოჩნდეს მათი ფსიქოლოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბებისათვის. ბოლო დროს ინტერნეტს სივრცე საკმაოდ გაჯერებულია სხვადასხვა სახის ინფორმაციებისგან, მაგრამ არის იმ ფაქტის შემცველი ინფორმაციები, რაც მომხმარებლამდე მისვლამდე არ იფილტრება. ევროპაში დიდი ხანია არსებობს პრაქტიკა. ის, რაც დაუშვებელია გარეთ, ის იკრძალება ინტერნეტშიც. ამიტომ ვფიქრობ, დროა ჩვენც გამოვიყენოთ პრაქტიკა, რომ ამ ტიპის ინფორმაციების ფილტრაცია მოხდეს. საკანონმდებლო დონეზე გვინდა გავაკეთოთ ჩანაწერი, რომ პროვაიდერებს დაეკისროთ ვალდებულება, მოახდინონ ამ ტიპის ინფორმაციების ფილტრაცია, სანამ ის მივა მომხმარებლამდე“, _ ამბობს ხუნდაძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში მაღალია ინტერნეტის მოხმარების ინტერესი.
„ბოლო პერიოდში ინტერნეტის მოხმარების საკმაოდ მაღალია ინტერესია განსაკუთრებით, ბავშვებსა და ახალგაზრდებში. დაიწია პირვანდელი მოხმარების ასაკმა და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს დიფერენციულად ამ ტიპის ინფორმაციების ფილტრაცია, სანამ ის მივა და მათთვის ხელმისაწვდომი იქნება“, _ ამბობს ხუნდაძე.
ის ასევე იმედოვნებს, რომ კანონპროექტს პარლამენტში დიდი მხარდაჭერა ექნება.
„ ეს კანონპროექტი გადის უკვე საბოლოო ექსპერტიზას. ჩვენ ყველა უწყებასთან ვათანხმებთ კანონპროექტს, რომ ის იყოს აღსრულებადი და არ იყოს მხოლოდ თეთრ ფურცელზე დაწერილი კანონპროექტი. ვფიქრობ, რომ პარლამენტში მას ექნება საკმაოდ დიდი მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ მოზარდები და შევქმნათ მათთვის, რაც შეიძლება, უსაფრთხო ვირტუალური ინტერნეტ სამყარო“, _ ამბობს ხუნდაძე.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, აღნიშნული კანონის გაკონტროლება მოხდება ისევე, როგორც სხვა კანონები კონტროლდება.
„არსებობს პრაქტიკაც, როდესაც ვალდებულებას არ ასრულებს შემსრულებელი, მაგალითად, ევროპაში არსებობს სანქციები, არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საფრანგეთში არსებობს ვალდებულება, გარდა იმისა, რომ პროვაიდერმა მოახდინოს ამ ტიპის ინფორმაციების ფილტრაცია, დაადგინოს თუ რა წყაროდან, საიდან, რა მისამართიდან მოდის აღნიშნული საიტი და მიაწოდოს სამართალდამცავებს ინფორმაცია. სანქციები პარლამენტს უკვე დადგენილი აქვს. ჩვენ სანქციების ოდენობებს არ ვეხებით. გვინდა, რომ საკანონო დონეზე ავწიოთ პასუხისმგებლობა პროვაიდერებისა, რომ მათ მოახდინონ ფილტრაცია ამ ტიპის ინფორმაციების. ამის გაკონტროლება მოხდება ისევე, როგორც კონტროლდება ნებისმიერი კანონი“, _ ამბობს ხუნდაძე.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე კი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დღეს არსებული რეგულაციები გარკვეულწილად არის ეფექტიანი, მაგრამ მეტწილად საჭიროებს დახვეწას.
„რეგლამენტი, რომელიც კომუნიკაციების სფეროში იცავს მომხმარებელთა უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, აწესებს გარკვეულ ვალდებულებებს სხვადასხვა სუბიექტებისათვის. ეს სუბიექტები შეიძლება იყვნენ, როგორც მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები, ასევე ვებ -გვერდების მფლობელები, ასევე ჯი. დომენის მომხმარებლები. ყველა სუბიექტს გარკვეული ვალდებულება გააჩნია ონლაინ სივრცეში მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის. შესაბამისად, ამ კონკრეტულ რეგულაციებზე ვისაუბრეთ, თუმცა აღნიშნული რეგლამენტი ძალიან მოძველებულია. დღეს არსებული რეგულაციები გარკვეულწილად არის ეფექტიანი, მაგრამ მეტწილად საჭიროებს დახვეწას და შესაბამისობაში მოყვანას ევროპულ დირექტივასთან და ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებასთან. ამ კუთხითაც მიდის აქტიური მუშაობა“, _ამბობს ტეფნაძე.
მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა მალე დასრულდება.
„დამცველის სამსახური ტელეკომუნიკაციების სფეროში უკვე ამზადებს კონკრეტულ რეკომენდაციებს თუ რა სახის ცვლილებები უნდა შევიდეს რეგლამენტში. ასევე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმდინარე წელს პროექტები ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც, უკვე დამუშავდა კონკრეტული რეგულაციები და ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ფაქტიურად სრულდება და მალე უფრო დაიხვეწება სატელეფონო საკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტები“, _ ამბობს ტეფნაძე.





































































