მე ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსტიტუტში, როცა მმართველი ძალა ყოველმხრივ გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„კახა კუჭავას კანდიდატურას რატომ არ დავუჭირეთ მხარი, ასე არ დავსვამდი კითხვას, ზოგადად კანდიდატურას არ დავუჭირეთ მხარი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მმართველი გუნდის მხრიდან აქვს გაცხადებული და აღებული პასუხისმგებლობა, რომ 2024 წელს აკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რაც პირველ რიგში, მოიაზრებს ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მე ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსტიტუტში, როცა მმართველი ძალა ყოველმხრივ გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის პარტიის წევრებსაც ამ ინფორმაციას ბოლო წუთამდე არ უმხელს, ამიტომ ჩემთვის ეს მიუღებელია“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს.
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა მისცეს ყოფილმა თანაგუნდელებმა.






























































