თურქეთის მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას სათანადოდ არ უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას gazeteduvar ავრცელებს
„ამ წერტილამდე თურქეთის არაკომპეტენტურმა ადმინისტრაციამ მიგვიყვანა. ბაიდენმა გენოციდის შესახებ განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც ერდოღანი სამი დღის განმავლობაში ჩუმად იყო. ვიღაც ელოდა, რომ ერდოღანი ლომივით ბრდღვინვას დაიწყებდა, თუმცა დაივიწყეთ ლომი. მან კატასავით კნავილი დაიწყო. ჩვენ წინაშე დგას ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები. ეს სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია“, _ განაცხადა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.
„სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს 1915 წლის მოვლენები გენოციდად არ მოუხსენებია.
„რატომ მოხდა ეს ახლა? მტკივნეულია 1915 წლის მოვლენები? დიახ, ეს ტკივილია. უნდა შეისწავლოს? დიახ, ეს საჭიროების შემთხვევაში უნდა შემოწმდეს.
ბაიდენი იმას აკეთებს, რაც ამერიკის შიდა პოლიტიკის ფარგლებშია საჭირო. აზრი არ აქვს ბაიდენზე გაბრაზებას. 1915 წლის მოვლენები მტკივნეულია და თუ საჭიროა, შესწავლილი უნდა იყოს. ეს ისტორიკოსებმა უნდა გააკეთონ და არა პოლიტიკოსებმა. თურქეთმა განაცხადა, რომ ჩვენ ჩვენს არქივებს ვხსნით, ისტორიკოსები მოვიდნენ და ნახონ. დაე, სომხებმა გახსნას თავიანთი არქივი სომხეთში. ისე, რომ ისტორიკოსებმა მიიღონ რეალური ცოდნა. ისტორიკოსებმა რეალური დოკუმენტები უნდა შეისწავლონ“, _ განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.
ცნობისთვის, 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. საპასუხოდ, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება.