საქართველო-ჩეხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების 7 სექტემბრის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთის გაყიდვის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოჩნდა გადამყიდველების პოსტები, რომლითაც ისინი ბილეთების გაყიდვას ღირებულებაზე ბევრად ძვირად ცდილობენ.
პოსტების სქრინებს „ფეისბუქის“ მომხმარებლები ავრცელებენ და წერენ, რომ უამრავი მსურველი მატჩზე დასასწრები ბილეთის გარეშე ამჯერადაც გადამყიდველების გამო დარჩა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კომპანია ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ გადამყიდველების მიმართ დამატებითი ღონისძიებები გატარდებოდა და სისტემის მიერ გადამყიდველისთვის დამახასიათებელი აქტივობის შემჩნევის შემთხვევაში, მათ ყიდვის შესაძლებლობა შეეზღუდებოდათ. თუმცა, მატჩის ბილეთების ამოყიდვის შემდეგ, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში გავრცელებულ ინფორმაციებს თუ დავეყრდნობით, გადამყიდველებმა ბილეთების შეძენა მაინც მოახერხეს. მოგვიანებით კი, მსურველებს 10 ლარიანი ბილეთის სანაცვლოდ დაახლოებით 100 – 130 ლარს, 30 ლარიანის – 200 ლარს და 50 ლარიან ბილეთში 250 – 350 ლარის გადახდას სთხოვდნენ.
ვრცლად : bpn.ge