„ოცნების“ ზონდერები მოცვივდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ბიტებით და დუბინკებით”, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
„ქართული ოცნების“ ზონდერები მოცვივდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ბიტებით და დუბინკებით. ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს, რომელიც უკიდურესად შეშინებულია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აცნობიერებს, რომ ძალიან მალე აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ ოპოზიცია და ვიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად, მაგრამ თითოეული ხმა უკიდურესად მნიშვნელოვანია. არ გავფლანგოთ არცერთი ხმა, მხარი დავუჭიროთ 5 ნომერს, „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაზე ძლიერ პარტიას, ივანიშვილის მთავარ მოწინააღმდეგეს. პარტიას, რომელიც ყველგან, ყველა უბანზე, ყველა ხმისთვის იბრძვის და იბრძოლებს გამარჯვებამდე. იბრძოლებს გამარჯვებამდე, რომელსაც ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ. მე ცოტა ხნის წინ წამოვედი მარნეულიდან, სადაც ასევე ადგილი ჰქონდა ძალადობას, სადაც ხელისუფლება ცდილობს ძალადობით და ბიულეტენების ჩაყრით შეინარჩუნოს რამენაირად ძალაუფლება, ეს არის ხელისუფლება, რომელიც არის აგონიაში და ამგვარი აგონია და ისტერია, რომლის გამოხატულებაც მათ შორის ჩვენ ვნახეთ აქ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან სულ რამდენიმე წუთის წინ, არ აშინებს არავის. ეს გვაძლევს რწმენას, რომ ვიმარჯვებთ და ვიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით. შეიძლება გააუქმოთ ერთი ან ორი უბანი მარნეულში თუ სადმე სხვაგან, მაგრამ ვერ გააუქმებთ იმ დიდ ეროვნულ, ევროპულ გამარჯვებას, რომელსაც ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად სულ რამდენიმე საათში ვიზეიმებთ. არჩევნებში იმარჯვებს ქართველი ხალხი, იმარჯვებს ქვეყნის ევროპული არჩევანი და მარცხდება „ქართული ოცნება“. ის ძალადობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ არჩევნებში, ამ ისტორიულ არჩევნებში, სადაც მოხდა მთელი საქართველოს კონსოლიდაცია, ივანიშვილი მარცხდება. ზუსტად ორი საათი დარჩენილი უბნების დახურვამდე და იმისთვის, რომ გვქონდეს ძალიან დიდი უპირატესობა, აუცილებელია, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც ჯერ არ ყოფილა საარჩევნო უბანთან, მივიდეს და გააკეთოს ევროპული არჩევანი. ორ საათში ჩვენ ერთად აღვნიშნავთ დიდ ეროვნულ გამარჯვებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული მომავალი, ყველა ერთად ვიყოთ თანამონაწილე ამ დიდი გამარჯვების,“– განაცხადა თინა ბოკუჩავამ.