ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, “ლეიბორისტული” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით მამალაძე სოციალურ ქსელში ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ “მერცხალში” არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ წერს:
“ორი დღეა, ოზურგეთის “მერცხალის” ფეხბურთელებმა, ახალგაზრდებმა, რომლებმაც უკანასკნელ ხუთ მატჩში საუკეთესო შედეგი აჩვენეს და არც ერთხელ არ დამარცხებულან, გაფიცვა მოუწყვეს კლუბის დირექციას, რადგან 22 აგვისტოს სეზონი იხსნება და კლუბის მომავალი ბუნდოვანია. ისინი ითხოვენ, საარსებო მინიმუმს ხელფასის სახით. მუნიციპალიტეტის მერია არ ჩქარობს საკითხის გადაწყვეტას, გულშემატკივარი აღშფოთებულია.
მივმართავ მუნიციპალიტეტის მერიას! საკრებულოს თანამდებობის პირებს, გუბერნატორს და მის მოადგილეებს! მაჟორიტარ დეპუტატს და მის წარმომადგენლობას! დაუყოვნებლივ, შემჭიდროვებულ ვადებში გადაწყვიტეთ “მერცხალში” არსებული პრობლემები! სპორტსმენ ახალგაზრდებს ნუ გაწირავთ ქუჩისთვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც საკრებულოს წევრი, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის სახელით, რომ ასეულობით გულშემატკივარი გამოვა ქუჩაში და ფეხბურთელებთან ერთად, ჩვენ გადაგიწყვეტთ თქვენს პოლიტიკურ მომავალს!”
“მერცხალის” მწვრთნელი-კონსულტანტი აკაკი ათუაშვილი ფეხბურთელების გაფიცვას არ ადასტურებს და “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ვარჯიშები “მერცხალის” ახალი შემადგენლობით მიმდინარეობს.
“გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა, რომ კლუბში უამრავი პრობლემა არსებობს. როგორც ფეხბურთის გულშემატკივრები გვეუბნებიან, “მერცხალს” _ ორი მთავარი მწვრთნელი, ხოლო სტადიონს ორი დირექტორი ჰყავს.
პირველი დაპირისპირება “მერცხალის” მთავარი მწვრთნელის ხარიტონ ჩხატარაშვილის გათავისუფლებას მოჰყვა _ სხდომა ჩხატარაშვილის გარეშე ჩატარდა და მან მისი გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდა. ჩხატარაშვილის თქმით, ის ამ დროს თბილისში ოპერაციას იკეთებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხარიტონ ჩხატარაშვილთან სამწლიანი ხელშეკრულება იყო დადებული და სტადიონის გენერალური დირექტორის, მურთაზ აბაშიძის სიტყვიერ ბრძანებას იურიდიული ძალა არ ჰქონდა.
აქედან მოყოლებული, სტადიონის დირექტორს მამუკა გოგუაძეს, ხარიტონ ჩხატარაშვილსა და გენერალურ დირექტორს მურთაზ აბაშიძეს შორის უკვე ხუთი თვეა, მიმდინარეობს “შიდა ომები”.
მამუკა გოგუაძე ამბობს, რომ მურთაზ აბაშიძის მოსვლის შემდეგ, ცხრა ფეხბურთელი მოიყვანეს გუნდში, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
მამუკა გოგუაძე: “გენერალურმა დირექტორმა მურთაზ აბაშიძემ ყველაფერი თავის თავზე აიღო და ახლა სავალალო შედეგი რომ დადგა, ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა. ჩხატარაშვილი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაუშვა და იქვე, “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა _ სანამ მე ვიქნები, ვერ იქნება ხარიტონ ჩხატარაშვილიო. ყველამ იცოდა, კაცი ოპერაციას იკეთებდა და მან კი სიტყვიერად გაათავისუფლა. ამ დროს ხომ შეიძლება, დაიცადო და დაელოდო, ისე გაარკვიო ყველაფერი?!”
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ერთ-ერთ თათბირზე მურთაზ აბაშიძემ პოლიტიკური შეფასებები გააკეთა.
მამუკა გოგუაძე: “ხელისუფლებაში ბალაგანი არის… ვინც სამტრედიაში რკინიგზა გადაკეტა, ის ახლა პარლამენტშია (საუბარია ზვიად ძიძიგურზე) _ ეს იყო პოლიტიკური შეფასება მისი მხრიდან. სულ იმაზე აქვს აქცენტი, რუსები უნდა მოვიდნენ და ათასი მსგავსი მოსაზრებები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ვარ ოზურგეთში, სამსახურში პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ.
გენერალური დირექტორის მოსვლიდან დღემდე სულ პროტესტი და უწმაწური სიტყვების კორიანტელია, თათბირებზეც სულ გინება ისმის. კაცი ფეხბურთში იყოს და ფეხბურთის სამყაროს აგინებდეს, ასეთი რამ არ გამიგია! ახლა ამბობენ, რომ ეს ფეხბურთელები მათ არ მოუყვანიათ. არადა, მე და ხარიტონს შეხება არ გვაქვს არანაირ გადაწყვეტილებასთან.
მე და ხარიტონს სამწლიანი პროგრამა გვქონდა. წარვუდგინეთ მაშინდელ მერს, ბეგლარ სიორიძეს. ასევე, ჩამოყალიბდა ახალი გუნდი. წელსაც იმ ბიჭებით, იმ შემადგენლობით უნდა გვებრძოლა, რომლებმაც შარშან ჩაატარეს ჩემპიონატი. ჩვენი მიზანი იყო ოთხეულში მოხვედრა. ეს იყო ახალგაზრდული პროგრამა, მაგრამ ასე არ მოხდა. მოვიდა მურთაზ აბაშიძე და გასცა უამრავი დაპირება. პირდაპირ გეტყვით, ეს იყო მოქმედი მერის ღალატი, რომელსაც ჰპირდებოდნენ ფეხბურთის აყვავებას, ოღონდ მე და ხარიტონი მოვშორებოდით “მერცხალს”. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავარი მწვრთნელია აკაკი ათუაშვილი და სინამდვილეში ეს თანამდებობა უკავია ხარიტონ ჩხატარაშვილს”.
ჩვენ კითხვაზე _ თუ ასეთი მდგომარეობაა კლუბში, რატომ არ ჩააყენეს შესაბამისი უწყებები საქმის კურსში, გოგუაძე გვპასუხობს, რომ წლის ბოლოს აუდიტი შეამოწმებს, რა ხდება “მერცხალში”:
“ჩემი წინადადება ასეთია _ ხარიტონ ჩხატარაშვილი არის ლიცენზირებული მწვრთნელი, მან იცის ფეხბურთი და მისცენ ამის კეთების საშუალება.
9 ფეხბურთელს 500-700 ლარი ეძლეოდა ანაზღაურება ბოლო სამი თვის განმავლობაში. ასეთი რამ არ მომხდარა დიდი ხანია.
ასევე, მინდა აღვნიშნო, ხარიტონმა მუშაობა დაიწყო 2018 წლის იანვარში, თებერვალში ახალი უფროსობა მოვიდა. ოთხეულში ვერ მოხვდით. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონული ლიგის ბოლო ადგილებზე ვინაწილებთ პოზიციას, იმის იქით აღარ არის არაფერი. ეს არის დაპირებული აღორძინება?”
მამუკა გოგუაძის თქმით, “მერცხალის” ხარჯებისთვის ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ყოველწლიურად 25 000 ლარია გამოყოფილი:
“ამ თანხიდან 3 500 ლარი ფეხბურთის ფედერაციის საწევროს გადასახადია. რჩება 21 500 ლარი, ამ ფულით უნდა ჩავასხათ საწვავი ტრანსპორტში, მოხდეს ფეხბურთელების კვება, ვიყიდოთ ბუცები, ბურთები.
როცა ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის განვითარების ფონდს დედას აგინებ, იქ საქმე არ გაკეთდება. მურთაზ აბაშიძეს არაპროფესიონალურად უდგება საქმეს”, _ ამბობს მამუკა გოგუაძე.
საპირისპირო პოზიცია აქვს მურთაზ აბაშიძეს _ ის ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, იმაზე მეტი აიღო საკუთარ თავზე, რაც მის მოვალეობებში შედიოდა, რომ კლუბს წარმატებისთვის მიეღწია. აბაშიძე ამბობს, რომ ცილისმწამებლური განცხადებების გამო, რაც ამ ბოლო პერიოდში მისი მისამართით გაჟღერდა, აუცილებლად მიმართავს სასამართლოს. ის ასევე ამბობს, რომ ის თათბირებზე არანაირ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს.
კითხვაზე, რა ხდება კლუბში, მურთაზ აბაშიძე გვპასუხობს:
“ფაქტობრივად, გუნდი დაშლილია და ახალგაზრდებს არ აქვთ ხელფასი. რა არის ამის მიზეზი? ახალმა ხელისუფლებამ გვითხრა, რომ თუ შედეგს დავდებდით, დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ შედეგი ვერ დავდეთ. ვინ მოგცემს ფულს, როდესაც ვერ თამაშობ?!” _ თქვა აბაშიძემ.
კლუბის გენერალური დირექტორი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ 9 ფეხბურთელი ანაზღაურებას 500-700 ლარს იღებდა:
“რა 700 ლარი?! სამთვიან ხელშეკრულება იყო დადებული, 500-ლარიანი და ისიც არ აქვს ნაწილს აღებული. შეიძლება სასამართლოში წავიდეს საქმე. აქ მუშაობენ ადამიანები, რომელთაგან ზოგი ოც წელზე მეტია “მერცხალშია”. არაფერს აკეთებენ და არიან კარგ პირობებში, შედეგს კი ვერ დებენ. თუ ვერ დებ შედეგს, უნდა წახვიდე!
ხარიტონ ჩხატარაშვილს არანაირად არ ვუშლი ხელს, ვინ მეკითხება მისი არშემოშვებას?! მან ის მოიკითხოს, პირველი ლიგიდან რომ გააგდო გუნდი ბოლო ლიგაში. ხუთი თვეა, მას შეხება არ ჰქონია გუნდთან და ტყუილად იღებს ხელფასს”.
აბაშიძის თქმით, მან ათუაშვილს და გიორგაძეს სრული ნდობა გამოუცხადა, მაგრამ შედეგს გუნდმა მაინც ვერ ან არ მიაღწია:
“ფეხბურთელებმა ფეხბურთი არ ითამაშეს ან ვერ ითამაშეს. გუნდში არის დაჯგუფებები, გაუგებრობები. ქალაქის მერმა მითხრა, რომ მივიდოდი სტადიონზე და მივხედავდი სტადიონს. არანაირი შეხება გუნდთან არ უნდა მქონოდა, მაგრამ მაინც რაღაც-რაღაცებში ჩავერიე, რადგან მინდოდა გუნდის წინსვლა. ჩემი ჯიბის ფულით გავაკეთე ბევრი რამ. მოვიდნენ და ნახონ”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას აბაშიძე.
პოლიტიკურ განცხადებების შესახებ კი მურთაზ აბაშიძე ამბობს:
“რა ბალაგანი, რა ზვიად ძიძიგური?! გოგუაძე, რომ სტადიონის ე. წ. დირექტორად ითვლება, მას რამე შეხება აქვს სტადიონთან ან ჰქონია როდესმე? ეს ხალხი მოვიდა ფულის საკეთებლად! სად არის ტრიბუნა, დარბაზი, ტაბლო? ჩემ დროს არ გაყიდულა!
ხუთი წერილი მაქვს პროკურატურაში გაგზავნილი და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მომდიოდა პასუხი, არაფერი არ ხდებოდა სტადიონზეო”.
აბაშიძის თქმით, მან მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა აუდიტის შესვლა “მერცხალში”:
“მე მქონდა ვიცე-მერთან საუბარი და ვითხოვე აუდიტის შემოსვლა. საქმე ახლა შესწავლის სტადიაშია. ცილს მწამებენ და აუცილებლად მივმართავ სასამართლოს.
ფულები მიდის ჰაერში და ამიტომ მოვითხოვე აუდიტი. ხარიტონ ჩხატარაშვილის და მამუკა გოგუაძეს ფულის შოვნის საშუალება გადავუკეტე და იმიტომ მერჩიან. რაც მივედი, სულ ასეთი სიტუაცია. სამჯერ მივმართე მერს შეესწავლა არსებული სიტუაცია.
ფეხბურთელებს აბუნტებენ. ეს მიმართულია არა მარტო ჩემ წინააღმდეგ, არამედ ქალაქის მერის წინააღმდეგაც. ესენი ის ხალხია, რომლებიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” აგინებდნენ. ისინი მხარს უჭერდნენ ბეგი სიორიძეს და კოტე შარაშენიძის წინააღმდეგ მუშაობდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ადამიანები ხალხის ფულს ჭამს და გამკითხავი არავინ არ არის!”
ხარიტონ ჩხატარაშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ის ყველა ვარჯიშს ესწრება, მაგრამ მას უფლებას არ აძლევენ, ვარჯიშში ჩაერიოს:
“არც ერთი დაპირება არ შეასრულეს. სად არის აღორძინებული კლუბი?! მე მაბრალებენ, თითქოს გუნდი გავაგდე პირველი ლიგიდან. კარგად მოიკითხონ, ვინ იყო მაშინ მწვრთნელი და ისე გააკეთონ განცხადებები. მურთაზ აბაშიძე არ ასრულებს მოვალეობებს, ის განაგებს ყველაფერს სტადიონზე და კლუბში”, _ ამბობს ჩხატარაშვილი და ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს.
კლუბის უფროსი შოთა გიორგაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ “მერცხალში” განვითარებული მოვლენების შესახებ სტადიონის ორ დირექტორს უნდა ვკითხო, თუმცა, ის ადასტურებს ჩვენთან საუბრისას, რომ კლუბში და სტადიონზე დაძაბული სიტუაციაა:
“აურზაურს ეშველება… ჭექა-ქუხილის შემდეგ ყოველთვის კარგი ამინდი გამოდის. ხელფასების მიცემა არ შეუძლია ფეხბურთელებისთვის ფედერაციას და ფეხბურთის განვითარების ფონდს _ მხოლოდ პრემიებია და ისიც 80 ლარი. ინფორმაციას გადამოწმება უნდა და არავინ 700 ლარს არ იღებდა, ეს არის სიცრუე! ეს ინფორმაცია ვინც გაავრცელა, ის არის გუნდის და ფეხბურთის მოღალატე.
მე მომხრე ვარ, თუ ხარიტონ ჩხატარაშვილი იქნება მთავარი მწვრთნელი. ერთხელ და სამუდამოდ, დაერქვას ყველაფერს თავის სახელი!” _ თქვა გიორგაძემ.
მისივე თქმით, “მერცხალი” ელოდება ინვესტორს და ამასთან დაკავშირებით სერიოზული საუბრებია. გიორგაძე ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს, რადგან ჯერ ზუსტი დეტალები მისთვისაც უცნობია.
“მერცხალის” მწვრთნელი-კონსულტანტის, აკაკი ათუაშვილის თქმით, ვარჯიში “მერცხალში” არ შეწყვეტილა, 25 ივლისიდან კი დაიწყო მზადება მეორე წრისთვის:
“სამწუხაროდ, ხდება ფეხბურთელების გადინება _ ოთხი ახალგაზრდა ფეხბურთელი წავიდა. გასულ წელს მხოლოდ უფროსი თაობის ფეხბურთელებს, 7 ადამიანს ეძლეოდა ხელფასი. შემდეგ ისინი წავიდნენ და ახალგაზრდების იმედზე დარჩა გუნდი, მათი თამაშით კმაყოფილები ვართ.
ფეხბურთელებს არ აქვთ ხელფასი და ადამიანს, ინვესტორს, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს.
ბოლო ლიგაში იყო გუნდი და ახლა წინ წასვლა გვჭირდება, ასევე, საჭიროა გამოცდილი ფეხბურთელები.
მე ვარ მწვრთნელი-კონსულტანტი. მე რაც მევალება _ სამწვრთნელო საქმე, ვაკეთებ, მაგრამ, როცა არ არის ხელფასი, არ არის ბუცი, ბურთი, ფორმა, შესაბამისად, არ არის შედეგი. ახალგაზრდები, რაც შეუძლიათ ამ პირობებში, ყველაფერს აკეთებენ”, _ გვითხრა ათუაშვილმა.
მისივე თქმით, გუნდში ამ ეტაპზე გუნდში მხოლოდ 2001-2002 წელს დაბადებულები არიან.
“გურია ნიუსმა” ამ საკითხზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე სურგულაძესთან სცადა დაკავშირება, თუმცა, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
გურია ნიუსი” აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და ახალ დეტალებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.