„ბრალდებულს სურდა, საკუთარი ხელით გაეხსნა „დეზოდორი“, სადაც მალულად ჰქონდა ციანიდი და ისე დაემალა ის, რომ გამოძიებას ვერ ენახა. თუმცა, მას შემთხვევით დაუვარდა და ეს მოწმეებმაც დაინახეს“, _ ასეთი განცხადება გააკეთა დღეს ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლოს სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ.
“მოწმეების, კერძოდ, აეროპორტის საბარგო განყოფილების მესაზღვრეების თანდასწრებით დაილუქა ბარგი და მათივე თანდასწრებით მოხდა უკვე ამ ბარგის გახსნა პროკურატურაში. მათ დაადასტურეს, რომ ბარგში მომწამვლავი ნივთიერება _ ციანიდი აღმოჩნდა. კერძოდ, თავად ბრალდებულმა ამოიღო „დეზოდორი“, რომლის თავსახურში ჰქონდა ფარულად დამალული საწამლავი. ბრალდებულს სურდა, დაემალა ისე, რომ გამოძიებას ვერ ენახა, თუმცა მას დაუვარდა თავსახური და ყველამ დავინახეთ ციანიდი. ეს საკუთარ ჩვენებაში მოწმეებმაც აღნიშნეს”, _ განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც მამა გიორგი მამალაძის ბარგი დაილუქა აეროპორტში და მათივე თანდასწრებით უკვე საგამოძიებო უწყებაში დალუქული და დაუზიანებელი ბარგი შემოწმდა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.