ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
5 თვის დომ ანდრადემ საავადმყოფოში 54 დღე გაატარა, აქედან 32 დღეს ის კომაში იმყოფებოდა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული.
„თავიდან მას სუნთქვა უჭირდა და ექიმებმა იფიქრეს, რომ ეს ბაქტერიული ინფექციაა. თუმცა მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა და დომის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ბავშვი სხვა ჰოსპიტალში გადაგვეყვანა, სადაც მას კორონავირუსი დაუდგინეს“, – აცხადებს ჩვილის მამა, ვაგნერ ანდრადე.
ჩვილის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მშობლები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ერთ-ერთი ნათესავის სახლში სტუმრობისას მომხდარიყო.
14 ივნისს დომ ანდრადეს 6 თვე შეუსრულდება და ის ამ დღეს სახლში შეხვდება. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსმა 1 წლამდე ასაკის 25 ჩვილი იმსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
წყარო: იმედინიუსი






























































