“ლელოს” სამეგრელოს ოლქების წარმომადგენლებმა, თამარ ბელქანიამ, ალექსანდრე ახვლედიანმა და გია ბარამიამ ბრიფინგი გამართეს, სადაც არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისაუბრეს და მოსახლეობას 8 ნოემბრის აქციაზე საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდეს.
“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე ახვლედიანის განმარტებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა დღედ, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი მოატყუა და მათი ხმები მიიტაცა.
“გაყალბების კუთხით არც სამეგრელო ყოფილა გამონაკლისი. ოქმებში ბალანსის უზუსტობაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია საოლქო საარჩევნო კომისიას. უმეტეს უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა ადასტურებს უბანზე კარუსელის არსებობას. მაგალითად 89-ე უბანზე არჩევნებში მონაწილე საერთო ამომრჩეველთა რაოდენობას და ამ უბანზე დათვლილ ხმებს შორის სხვაობა არის 40. ხოლო 72-ე უბანზე სხვაობა 12. ეს და სხვა დარღვევები სახეზე გვაძლევს დანაშაულს, რომელიც აუცილებლად მოიტანს ცუდ ცვლილებებს. ამიტომ აუცილებელია, დღევანდელ აქციაზე გავაპროტესტოთ მათი სიყალბე. ყოველდღიურად ვგრძნობთ, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმაცია ჩვენ იგი უნდა შევცვალოთ,” – აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი.
“სამეგრელოში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. არა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, არამედ მანამ და უშუალოდ არჩევნების დღეს ყალბდებოდა ხმები,”- ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ბელქანიამ ბრიფინგზე ისაუბრა.
“არჩევნების დღეს პირადად ჩემი პრესმდივანი დააშინეს და ეს ევროკავშირის დამკვირვებლებმა თავიანთ რეპორტებში შეიტანეს. ჩხოროწყუში არჩევნებზე ამომრჩეველი მოიყვანა ძებნილმა, როდესაც მთელი საქართველო ეძებს ადამიანს, რომელმაც საქართველოს ბანკიდან გაიტანა თანხა, ის თავისუფლად მიდის არჩევნებზე. გარდა ამისა, სახელმწიფომ ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ეეჭვებოდათ, რომ მათ ხმას არ მისცემდნენ, მოისყიდეს და დააშინეს სამსახურების დაკარგვით. სამეგრელოს რაიონში კი სამსახურის გარეშე დარჩენა შიმშილის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ აქციაზე, რადგან დღეს არის ღირსების აღდგენის დღე,”- განაცხადა ბელქანიამ.
სამეგრელოს სხვადასხვა ოლქის მსგავსად, საკუთარ ოლქში არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიამ.
“ჩემი კოლეგების ოლქების მსგავსი იდენტური მდგომარეობა იყო ჩემს ოლქშიც, სადაც ხელისუფლებამ ჩაატარა სპეცოპერაცია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ის, რაც მოხდა 31 ოქტომბერს, არ იყო არჩევნები. ეს იყო პირდაპირი უკანონობა, რომელიც 30 წლის განმავლობაში არავის არ ჩაუდენია. ჩვენ ეს უკანონობა უნდა დავასრულოთ დღეს 8 ნოემბრის მიტინგით,”- განმარტავს ბარამია.