1 სექტემბერს საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების გაყიდვის პროცესი დაიწყო. ადგილზე ფორმების შეძენა 14 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდეა შესაძლებელი.
15 სექტემბრიდან ფორმების შეძენა მხოლოდ ონლაინ, სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე (formebi.emis.ge) იქნება შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებულია ფორმების მოდელები, ზომები, ღირებულება და რეალიზაციის პუნქტების მისამართები.
სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს ჩოხატაურში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გაეცნენ.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
სოციალურად დაუცველი ოჯახები: რეგისტრირებულნი არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
მრავალშვილიანი ოჯახები: 4 და მეტი შვილის მქონე მშობლების შვილები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურ ბაზაში და სარეიტინგო ქულა შეადგენს 65 001-დან 120 000-მდე;
სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები: მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებსა თუ ბავშვთა სახლებში განთავსებული მოსწავლეები;
უკრაინელი მოსწავლეები: ბავშვები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ვერ აგრძელებენ სწავლას ადგილობრივ სკოლებში და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
ფოტო: ჩოხატაურის მერიის ფეისბუქგვერდი

































































