„რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის“ – ამ სათაურით მომზადებულ სტატიაში ტელეკომპანია CNN-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც მოგზაურებს პოპულარული ადგილების ტურისტული გეგმების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს. სტატიაში საქართველოზეც არის საუბარი.
როგორც სტატიის ავტორი თამარა ჰარდინგამი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობების უმეტესობა საერთაშორისო ტურიზმის წინააღმდეგ გამოდის, ზოგიერთი ქვეყნები უკვე იწყებენ შეზღუდვების შემსუბუქებას, რათა ტურისტებს გაუხსნან კარი.
„კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ადგილი ჰქონდა ტურისტულ ბუმს – 5 მილიონი სტუმარი 2019 წელს, რაც 7%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა ამა წლის მარტში, კრიზისის გამო, ქვეყანა იძულებული გახდა, დაეხურა ზამთრის კურორტები და აეკრძალა უცხოელთათვის ქვეყანაში შესვლა.
საქართველოს მთავრობა, რომელსაც ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება სურს, აცხადებს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს.
ხელისუფლებამ სამ ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომელიც მოიცავს საქართველოს მარკეტინგულ კამპანიას და მის წარმოჩენას უსაფრთხო ტურისტული მიმართულების კუთხით. შემდგომი ეტაპი შიდა ტურისტებს მოგზაურობის ნებას დართავს „უსაფრთხო“ ტურისტულ ზონებში, ხოლო ბოლო ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენების ნაწილი“, – ნათქვამია სტატიაში.
აქვე მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომლის თანახმადაც, „ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც საგანგებო ზომების შემსუბუქება შეეხება“.