სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 პირი ამხილა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 26 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარი არხის” ჟურნალისტი ემა გოგოხია და ოპერატორი ნიკა გვალია მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ. რა დროსაც ბრალდებულები მთავარი არხის თანამშრომლებს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს.
აღნიშნული ქმედებით, ემა გოგოხიას და ნიკა გვალიას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე პირს ბრალდება პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა”,_ აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.