უკანავაში (სოფელ მთისპირის თემი) მცხოვრები ანზორ შავაძის და მერი ტუნაძის კარმიდამოს გუშინ მოსულმა ნალექმა სერიოზული ზიანი მიაყენა.
“საშინელება იყო, გზა აღარ არის და ყანა ფეხზე აღარ დგას. თხილის მოსავალიც აღარ არის. ბოსტანიც განადგურებულია. მთელ გზაზე მდინარესავით მოდიოდა წყალი და მოჰქონდა ქვა-ღორღი”, _ გვეუბნება ანზორ შავაძე.

მერი შავაძე ამბობს, რომ მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია გზის საკითხის მოგვარება.
“სახლში ორი შშმ პირი მყავს და ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია გზის საკითხის მოგვარება. ჩემი მეუღლე ყოველ მეორე დღეს დიალიზის ცენტრში დადის და არ ვიცი, ახლა ამას როგორ მოვაგვარებ. ვიცი, რომ სტიქიას წინ ვერავინ აღუდგება, მაგრამ ახლა ყველასთან მაქვს თხოვნა _ ამ საკითხით დაინტერესდეს ადგილობრივი მთავრობა და გზა აღადგინონ“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ მთისპირში, ვლადიმერ ჩავლეშვილი, “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ გუშინდელი ძლიერი ნალექის დროს ორ ადგილზე მეწყერი ჩამოწვა.
“დილის ცხრა საათიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. უკანავაში, დაახლოებით, ერთ საათში ავალთ და მოხერხდება გზის მოწესრიგება. მინდა, გითხრათ, რომ დროულად გვარდება ის პრობლემები , რაც გუშინ სოფელს მიადგა”, _ გვითხრა ვლადიმერ ჩავლეშვილმა.

































































