ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძესთან და ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან მთავარ საგამოძიებო ორგანოს კითხვები აქვს.
საუბარია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტსა და დიდი ოდენობით თანხების მითვისებაზე. აღნიშნულ გადაცდომებზე გამოძიება პროკურატურაში უკვე მიმდინარეობს.
ყოფილი მინისტრების საქმის შესწავლასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ მთავარ პროკურატურას, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაუკავშირდა, თუმცა, პროკურატურამ მაშინ ჩვენს კითხვებს პასუხი არ გასცა.
როგორც გუშინ ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურაში გამოკითხვაზე, დაახლოებით, 20 დღის წინ იმყოფებოდა, შესაბამისად, ,,გურია ნიუსის“ კითხვაზე მთავარ საგამოძიებო ორგანოს, დაკითხვიდან, დაახლოებით, 10 დღის შემდეგ, პასუხი უნდა ჰქონოდა.
“პროკურატურაში გახლდით, სადღაც 20 დღის წინ. ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. პროკურატურამ მთხოვა ჩემი მოსაზრება დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, მინდა აღვნიშნო, რომ იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე, ყველა იმ მოსაზრებაზე, რაც გამაჩნდა და ყველა იმ კითხვაზე, რაც იყო დასმული მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გავეცი”,_თქვა ქუმსიშვილმა.
უფრო ზუსტად, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, როცა ,,გურია ნიუსი“ ყოფილი მინისტრების საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით დეტალებს პროკურატურაში აზუსტებდა. საგამოძიებო ორგანოში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მოიძიებდნენ, თუმცა, მთავარ პროკურატურაში ჩვენს კითხვებს აღარ უპასუხეს.
მაშინ „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არც ყოფილმა მინისტრებმა უპასუხეს.
თუ რატომ არ გასაჯაროვდა აღნიშნული ინფორმაცია ერთი კვირით ადრე და რატომ არ უპასუხეს ,,გურია ნიუისის“ შეკითხვებს მთავარ პროკურატურაში? _ამ კითხვებით მთავარ საგამოძიებო ორგანოს მივმართეთ.
როგორც მთავარ პროკურატურაში გვითხრეს, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ.
,,გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მიმდინარეობს გამოძიება და თქვენ მიერ დასახელებული პირები გამოიკითხნენ პროკურატურაში, დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით“,_გვითხრეს მთავარ პროკურატურაში.
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, გაფლანგვა _ როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ყოფილ მინისტრებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და შედეგების შესახებ საზოგადოებას უმალვე ეცნობება.