მუსლიმთა სამლოცველომ ბუკნარში მცხოვრებ მართლმადიდებლებსა და მუსლიმი მრევლის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება არ უნდა გამოიწვიოს. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ბუკნარის მცხოვრებმა, ნუგზარ ჭალაღიძემ განუცხადა.
„ამან ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა არ უნდა გამოიწვიოს. არც მეშინია და არც მერიდება არავის. ეს იყო მთავრობიდან წამოსული თემა. ახლა იმათ უპატრონოდ დატოვეს ეს ყველაფერი და ხალხს შეატოვეს. მაინცდამაინც სისხლი უნდა დაიღვაროს და ხალხმა ერთმანეთი დახოცოს? მეჩეთი სხვაა და სამლოცველო სხვა. მეჩეთს მინარა უნდა და საყვირი უნდა, როგორც ბათუმშია გაკეთებული და აქ ასეთი არაფერი ხდება. ეს არის სამლოცველო-სახლი, რომელიც კერძო პირისგან შევიძინეთ და აქ პარასკევობით მოვდივართ და ვლოცულობთ.
აქ ისეთი არაფერი არ ხდება, რომ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულიყო. ამის უკან დგას ხალხი, ვისაც ასეთი არეულობა აწყობს.
გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 2 არასრულწლოვანი ბავში დაშავდა. რომ დაღუპულიყვნენ, სად მიდიოდნენ? მოვითხოვეთ სამლოცველო სახლი. ზედმეტი არაფერი მოგვითხოვია. ამაზე იყო დაპირება მთავრობის მხრიდან რომ გვერდში დაგიდგებით და აგიშენებთო, შემდეგ დანაპირები არ შეარულეს და ხალხმა ლამის დახოცა ერთმანეთი.
ჩვენ არაფერს ვაშავებთ ისეთს, რომ არ ვილოცოთ. მე პირადად ორივე შვილი მყავს მონათლული და მე ვარ მუსლიმი. მაგრამ სისხლის ფასად არც ეკლესია მიღირს, არც სამლოცველო მიღირს, არც მეჩეთი და არც ჩემი მიწა წყალი. არ მინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა გურულებს მიაყენონ ზიანი ან პირიქით, გურულებმა ჩვენებს. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. სოფელში ჩვენ ჩვენ ვართ, ერთხელ და საბოლოოდ უნდა შეიგნოს საქართველოში მაცხოვრებელმა ადამიანმა ის, რომ ძმები არიან აჭარლებიც, გურულებიც, სვანებიც, მაგრამ განსხვავება არის სარწმუნოებაში. სარწმუნოებას მივყავართ ღმერთამდე. ღმერთი ერთია და მიმართულებებია სხვადასხვა“,_გვითხრა ნუგზარ ჭალაღიძემ.