“დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ”- წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ წაუკითხა.
წერილში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის სამარტოო საკანში იმყოფება და ტელეეკრანით ადევნებს თვალს რუსტაველზე მიმდინარე პროცესებს.
“გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულობა და ნიჰილიზმი. 30-ში ყველანი არჩევნებზე! დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ, ერთად ვიზეიმოთ ნიკა მელიას გამარჯვება თბილისში, ხატია დეკანოიძის გამარჯვება ქუთაისში, გიორგი კირთაძის გამარჯვება ბათუმში, ანზორ მელიას გამარჯვება ზუგდიდში, დავით კირკიტაძის გამარჯვება რუსთავში, გიგი უგულავას გამარჯვება ფოთში, კობა ნაყოფიას გამარჯვება სენაკში, გიორგი ბოტკოველის გამარჯვება თელავში, იოსებ ბუაძის გამარჯვება ხაშურში, ნიკოლოზ ახალკაცის გამარჯვება ქარელში, გიორგი რობაქიძის გამარჯვება ბაღდათში, ზაზა მეტრეველის გამარჯვება წყალტუბოში, თემურ ჯანაშიას გამარჯვება მარტვილში, ბესო შენგელიას გამარჯვება ხობში, გიორგი ხარჩილავას გამარჯვება წალენჯიხაში, ბადრი ქარჩავას გამარჯვება ჩხოროწყუში, მიშა ობოლაძის გამარჯვება ხელვაჩაურში და ჩვენი ყველას ერთად გამარჯვება საქართველოში!
ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ივანიშვილის რეჟიმი, ეს სიცრუის, ბოროტების, ჩაგვრის და ღალატის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა! ბნელი შეიცვლება ნათელით, ბოროტს სძლევს კეთილი, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! აბა თქვენ იცით! თქვენი დიდი სიყვარულით და გამარჯვების ურყევი რწმენით!– აღნიშნავს სააკაშვილი.