სოსო ლაღიძე ერთ შემთხვევას ხშირად იგონებდა:
„რა შეედრებოდა ფეხბურთის მატჩის დროს ორი უშესანიშნავესი მსახიობის და პიროვნების ხილვას, როგორებიც იყვნენ იპოლიტე ხვიჩია და ეროსი მანჯგალაძე. როდესაც სტადიონზე ეროსი და იპოლიტე გამოჩნდებოდნენ, გულშემატკივარი სულ ივიწყებდა, რისთვის იყო მოსული. ფეხბურთის მატჩი მხიარულ კომედიად გადაიქცეოდა ხოლმე და მაყურებელი მხიარული თეატრალური წარმოდგენის მოწმე ხდებოდა.
იმ ბედნიერ დღეს ქუთაისში ვეთამაშებოდით იქაური თეატრის სახელგანთქმულ გუნდს. მაშინ ჩვენი შეხვედრები მოედანზე ისეთივე ინტერესს იწვევდა, როგორსაც „არარატი“-„დინამოს“ შერკინება.
მოკლედ, მაგარი მატჩი გამოდგა. თამაში მთავრდება და ფრეა-4:4. დარჩენილ ორ წუთში მთელი ძალებით გადავედით გადამწყვეტ შეტევაზე. ქუთაისელთა კართან ქარიშხალი დავატრიალეთ, საქმე პენალტამდეც მივიდა ჩვენს სასარგებლოდ. ასეთ გადამწყვეტ მომენტში დარტყმას ყველა მოერიდა. ისევ ეროსიმ ივაჟკაცა – მე დავარტყამო და ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით.
დადო ეროსიმ ბურთი პენალტის ნიშნულზე, მსაჯმაც მისცა ნება და… ეროსი „რაზგონის“ ასაღებად განეწყო. მობრუნდა და მოდის ჩვენი კარის მიმართულებით. ერთი ნაბიჯი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, რვა… ათი.
– კაცო, – გადამიჩურჩულა ჩემმა თანაგუნდელმა. – რას შვრება ეს კაცი… სად მიდის? ხომ არ დაავიწყდა პენალტი რომ აქვს დასარტყმელი?!
არა… ეროსი ისევ მიდის… აჰა… ოცდაოთხი ნაბიჯი გადადგა და მოულოდნელად შემობრუნდა ბურთისკენ. შემობრუნებასაც გააჩნია, ისეთი ჟინით გამოენთო ბურთისკენ, რომ ქუთაისელთა მეკარეს კინაღამ გაუსკდა გული. ეროსიმ ამ ხვანცალ-ხვანცალში მიაღწია ბურთამდე, დაარტყა და რა დაარტყააა! ფეხიდან გატყორცნილი ბურთი პირდაპირ კუთხურის ალმისკენ გაფრინდა. კუთხურის ალამთან მდგარ ფოტოკორესპონდენტს ოდნავ ასცდა. სასტვენი… მატჩი 4:4 დასრულდა.
ეროსის თავი არ აუწევია ისე დავტოვეთ მოედანი. არც ხმა ამოუღია, მაგრამ რომ ჩავიცვით და გამოვედით ქუჩაში მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა:
– არა, სოსო, არა… მე ამის შემდეგ ფეხბურთელს როგორ გავამტყუნებ! რა ვქენი, ეს, ა?!
მას შემდეგ სტადიონზე სათამაშოდ აღარც გამოსულა. მხოლოდ კომენტატორობით იოკებდა ფეხბურთისადმი მიდრეკილ ჟინს და ხვაშიადს“.

































































