უცხოეთში სამსახურის მოსაძებნად წასული მილიონზე მეტი ადამიანი, უმუშევრობა, ახალგაზრდებში უპერსპექტივობის განცდა, მინიმალური პენსია, უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარება, უწყლობა – ამ პრობლემებზე საუბრობს სენაკის მოსახლეობა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრაზე.
დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაა. დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც უცხოეთში ქართველების ლეგალურ დასაქმებას, სტუდენტების დაფინანსებას, პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს. ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით _ ”თითოეული იმ ადამიანისთვის ვისაც დღეს უჭირს ცხოვრება, ვისაც აქვს პრობლემები, ვინც მოატყუეს, ვისაც ყურადღებას არ აქცევს ხელისუფლება თითოეული ასეთი ადამიანისთვის ცხოვრების გაუმჯობესების გზა არის არჩევნები. ამიტომ აუცილებელია ყველა მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს მისი საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებას, მხარი დაუჭიროს მისი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის საიმედო ხვალინდელ დღეს. აირჩიოს პრეზიდენტი რომელიც არ იქნება გამოკეტილი კაბინეტში და იზრუნებს ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად ,როგორც აწუხებს დღეს ხალხს. მაგალითად უმუშევრობა, მაგალითად მილიონზე მეტი ადამიანი რომელიც წასულია დღეს უცხოეთში, ახალგაზრდების დაფინანსება, პენსია და სოციალური დახმარება. ყველა ეს თემა არის ჩვენი საზოგადოებისთვის მტკინვეული თემები და ამიტომ აუცილებელია ხალხმა გამოიყენოს 28 ოქტომბრის არჩევნები სწორედ იმისთვის, რომ მიაღწიოს წინსვლას, მიაღწიოს ცვლილებებს და მიაღწიოს უკეთესობას ყველა ამ პრობლემასთან დაკავშირებით რომელიც არის მტკინვეული და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. (R)