საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მაუწყებლის შესახებ მეორე მოსმენით ცვლილებები განიხილება, მმართველი გუნდის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.
ჭიჭინაძე “პირველ არხს” მოუწოდებს, რეიტინგი კომერციული რეკლამებისგან შემოსული თანხით კი არ გაზარდოს, არამედ სხვა უამრავი საშუალებით, რომლებიც პრაქტიკაში გამოიყენება.
“პრინციპი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტთან არის მიბმული, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ტელევიზიას ჰქონდეს დამოუკიდებელი დაფინანსების წყარო, რადგან არ იყოს ხელისუფლებაზე, მთავრობაზე და პარლამენტზე დამოუკიდებელი. ამის მიუხედავად, მათი მხრიდან შემოთავაზებულია საპირისპირო _ კომერციული რეკლამით დაფინანსების მოთხოვნა. მოგეხსენებათ, რეკლამას ათავსებენ ის ადამიანები, რომლებსაც ბაზარზე თავიანთი პროდუქტის წინ წაწევა უჭირთ. ვინც ფულს უხდის ტელევიზიას, ის უკვეთავს პროგრამას, ამიტომ ეს ნაწილი ზუსტად ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომელიც ნაგულისხმევი იყო მთლიან შიდა პროდუქტთან დაფინანსების მიბმაზე.
პრინციპული მიდგომა, რომ კომერციული რეკლამა აუცილებლად უნდა ჰქონდეს “პირველ არხს”, ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი. თუ ტელევიზიის ყურებადობის გაზრდა სურთ, ამისთვის სხვადასხვა მეთოდს უნდა მიმართონ. არასწორია, როცა კომერციული რეკლამის მეშვეობით გვინდა გავზომოთ, როგორ მუშაობს ტელევიზია, რაც მათი არგუმენტია”, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.