საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერობის კანდიდატურებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პარტიას მერობის კანდიდატზე ჯერ არ უმსჯელია.
“დღეს ნაადრევია მერობის კანდიდატზე შეკითხვები. მგონი, უხერხული იქნება. პარტიის ფორმატში ეს საკითხები ჯერ არ არის განხილული. როდესაც იქნება დრო, ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერად მეორე ვადით კენჭისყრისთვის მზად არის. მისი განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, ვის შეარჩევს “ქართული ოცნება” _ კვლავ დავით ნარმანიას თუ სხვა კანდიდატს.
ცნობილია, რომ “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური პარტიით თვითმმართველობის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას, პარტია კი უსუფაშვილს თბილისის მერობის კანდიდატად წარადგენს.
თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი, რომელზეც ცნობები გავრცელდა, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატიალექსანდრე ელისაშვილი. მას “რესპუბლიკურმა პარტიამ” შესთავაზა პარტიის სახელით კენჭისყრა, თუმცა ელისაშვილმა თქვა, რომ მას პარტიის სახელით კენჭისყრა არ უნდა.
imedinews-ის ინფორმაციით, “ევროპული საქართველო”თბილისის მერის კანდიდატად პარლამენტის წევრ ელენე ხოშტარიას წარადგენს. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ამ ეტაპზე ორი სავარაუდო კანდიდატი სახელდება _ ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.