დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა და მსხმოიარობის ხარისხის მიხედვით განსხვავებული ჯიშები.
დეკორატიული მანდარინი ჩვენს სინამდვილეში არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა.
_ დღეს, საერთოდ, ჯუჯა და დეკორატიული მცენარეები ძალიან მოდურია და ამას აქვს მიზეზიც _ ისინი ქმნიან კარგ განწყობას და ადამიანებს უდიდესი პოზიტივის შექმნაში ეხმარებიან. დეკორატიულ მანდარინზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ არის სხვადასხვა ფორმის და იერსახის. ზოგი უფრო უხვმსხმოიარეა და რაც მთავარია, საოცრად ამშვენებს საოჯახო სივრცეს, ოფისებს, სხვადასხვა ვესტიბიულებს. განსაკუთრებით ახლა, როცა მანდარინის სიმწიფის დროა. ვიტყვი ასე: სეზონური ეფექტი უფრო აქვს, ისე კი მუდამ კარგი სანახავია. ამიტომ, კარგია თუ სილამაზისა და განწყობისთვის ყველას გვექნება იმ გარემოში, სადაც მუდმივად ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ. ჩვენ, ანასეულის ინსტიტუტში, ათეული წლების მანძილზე უფრო საფუძვლიანი და სიღრმისეული მეცნიერული ხაზით ვმუშაობდით. ეს უფრო თანამედროვე სიახლეა. რა ჯობს, განწყობის მომნიჭებელი გარემოს შექმნას. ასეთ ახლებურ მიდგომებს მივესალმები, რაც ადამიანს შესაძლებლობების სრულ რეალიზაციაში ეხმარება, _ ამბობს ჩვენთან საუბარში “კარმიდამო ჩემის” ხშირი რესპონდენტი, ასოცირებული დოქტორი ანგელინა ნიკოლაიშვილი.
ოზურგეთის ღია ბაზრობებზე დეკორატიული მანდარინი პატარა ქოთნებით აქა-იქ გამოჩნდა. ჯერ ნერგები არ გამოუტანიათ, თუმცა, მეყვავილეობისა და ჯუჯა თუ დეკორატიული მცენარეების მოყვანა-გამრავლებით დაინტერესებული მეურნეები ამბობენ, რომ სამომავლოდ დეკორატიული ციტრუსოვნების ნერგების მომხმარებლებისთვის შეთავაზებაზეც იფიქრებენ.