სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევ მოსამართლეობის სამი კანდიდატიდან ვინ გადავა ფინალურ ეტაპზე, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს. გასაუბრება 29 სექტემბერს ლადო ჭანტურიამ, ლალი ფაფიაშვილმა და ოთარ სიჭნავამ გაიარეს. კიდევ ერთი პროცედურა რჩება. სამიდან ერთი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უნდა დაამტკიცონ. ამის შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოდან 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება. სხდომა სტრასბურგში 9-13 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
პირველ ეტაპზე კი საქართველოში შიდა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, რომლის შედეგადაც, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსაგზავნი მოსამართლის სამი კანდიდატურა წარადგინა. კანდიდატები დადებითად შეაფასა ევროსაბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ. ამით საქართველოში შიდა შესარჩევი პროცედურები დასრულდა.
ლადო ჭანტურია გერმანიაში საქართველოს მოქმედი ელჩია. ლალი ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილეა. ოთარ სიჭინავა კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.