ცნობილი ნარკოლოგი და პარტია „ფედერალისტების“ წევრი ზურა სიხარულიძე საზოგადოებაში ქრონიკული და იშვიათი დაავადებების მკურნალობის დაფინანსების გარშემო მიმდინარე დისკუსიას ემოციური განცხადებით ეხმიანება. სიხარულიძე მკაცრად აკრიტიკებს პაციენტების სეგრეგაციას და მმართველ გუნდსა და მის პროპაგანდისტებს კორუფციასა და მილიონების უაზრო ფლანგვაში ადანაშაულებს.
ექიმი სოციალურ ქსელში წერს, რომ მედიცინისა და სახელმწიფოს არსებობის მთავარი აზრი სწორედ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და სიკვდილის პრევენციაა:
„არ უმკურნალოთ დიაბეტს. არ უმკურნალოთ ჰიპერტენზიას. არ უმკურნალოთ აივ-ს. არ უმკურნალოთ ასთმას. არ უმკურნალოთ ნარკოდამოკიდებულებას. თუ ლოგიკა ასეთია — „მაინც ვერ განიკურნება სრულად და რატომ უნდა დაიხარჯოს ფული?“ — ასეთ კითხვას სვამენ ქრონიკულ და იშვიათ დაავადებაზე. მაშინ რატომ არსებობს მედიცინა საერთოდ? რატომ არსებობს სახელმწიფო? რატომ ვიხდით გადასახადებს?
მედიცინის მიზანი მხოლოდ „საბოლოო განკურნება“ არ არის. მედიცინის მიზანია სიცოცხლის გადარჩენა, ტკივილის შემცირება, ადამიანის ფუნქციონირების დაბრუნება, ზედოზირების, ინსულტის, ინფარქტის, ინფექციების და სიკვდილის პრევენცია. ადამიანის სიცოცხლეზე ძვირი არცერთი მესიჯბოქსი არ არსებობს. ექიმი, რომელიც პაციენტს „ღირსეულ“ და „უღირს“ ავადმყოფებად ყოფს, საკუთარ პროფესიას ღალატობს“, — წერს სიხარულიძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, უკიდურესად ცინიკურია, როდესაც ჯანდაცვის სექტორში ფულის დაზოგვას ცდილობენ, პარალელურად კი მილიონები იხარჯება პოლიტიკურ პიარში:
„ყველაზე ცინიკურია, როცა ადამიანები, რომლებიც მკურნალობაზე ხალხის მიერ შეგროვებულ ფულს ბინძურ კომპანიას უპირისპირებენ, მშვიდად უყურებენ მილიონების ფლანგვას პროპაგანდაში, პიარ-კამპანიებში, ფსევდოპატრიოტულ კონცერტებში და კორუფციაში. ხოლო პროპაგანდისტებს, რომლებიც საზოგადოებაში სიძულვილს და დეჰუმანიზაციას თესავენ, უნდა ახსოვდეთ — ცხოვრება ბუმერანგია და სიტყვებსაც აქვთ დაბრუნების უნარი. დღეს სხვის დაავადებაზე იცინით — ხვალ შეიძლება იმავე სისტემის გულგრილობის წინ თავად აღმოჩნდეთ“, — აცხადებს ზურა სიხარულიძე.




































































