დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აღარ მალავს, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში ოფიციალურ სტატისტიკაზე 2–3ჯერ მეტი ინფიცირებულია. როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, საქმე ისაა, რომ პაციენტების ნაწილში უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება და ისინი ტესტებს არ იკეთებენ.
„ორჯერ, სამჯერ მეტია (დღიური რაოდენობა გამოვლენილ შემთხვევებზე). ჩვენი გათვლებით, ახლა 10 000-მდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი. საქართველოს მასშტაბით, დღეში 10 000 ახალი შემთხვევა ეს არის ის, რაც რეალურად ხდება. უბრალოდ, ეს ადამიანები არიან უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან, რომ გაიტესტონ ან ჯანდაცვის სისტემაში მოხვდნენ და ა.შ.“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.