ოზურგეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთება დაიწყო. კლინიკა „მედალფაში“ დილიდანვე დაიწყო მზადება და მობილიზაცია, რომ დაწყებულიყო ვაქცინაციის პროცესი.
პირველი ვაქცინა კლინიკის დირექტორმა დათო მდინარაძემ გაიკეთა.
ვაქცინის გაკეთების შემდეგ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„მინდა მივულოცო მთელ ქვეყანას ის, რომ დღეს 15 მარტს დაიწყო კოვიდ 19-ს წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთება. ვალდებული ვიყავი, რომ მაგალითი მიმეცა ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის და ჩემი მთელი კლინიკის თანამშრომლებისთვის. ვთვლი: დღევანდელი დღე იქნება პანდემიის დასასრულის დასაწყისი. მოვუწოდებ ჩემ ყველა კოლეგას მოვიდნენ და მისცენ მაგალითი ჩაიტარონ კოვიდ 19-სზე ვაქცინაცია“.
დათო მდინარაძის შემდეგ ვაქცინა ექიმმა თამარ ტაბატაძემ გაიკეთა.
„არ მქონიდა კორონავირუსი, მაგრამ ვაქცინა გავიკეთე. არაერთ პაციენტთან მიწევს შეხვედრა და აქედან გამომდინარე, რაც შეიძლება უნდა მოვურთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას და ასევე თავს. მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ გაიკეთონ ვაქცინა“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ტაბატაძემ.
ვაქცინაციის პროცესს დაესწრო გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია და მისი მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი.
გიორგი სახოკიას თქმით, გურიაში ვაქცინის გაკეთება ოზურგეთიდან დაიწყო.
“ოთხშაბათს ვაქცინას გაკეთება გაგრძელდება ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ვაქცინაციით მოხდება კორონავირუსის დამარცხება“, – განაცხადა გიორგი სახოკიამ.