დიეგო მარადონას გულშემატკივრები და ოჯახის წევრები ბუენოს აირესში საპროტესტო აქციას მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ნოემბერში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი გულშემატკივრებისა და ოჯახის წევრების მხრიდან ეჭვები იმის შესახებ, რომ დიეგო ექიმების გულგრილობას შეეწირა, არ წყდება.
მარადონას უფროსი ქალიშვილები, დალმა და ჯანინა დიეგოს ყოფილ ცოლთან ერთად კატეგორიულად ითხოვენ დამნაშავეების დასჯას. ისინი აცხადებენ, რომ დიეგოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ოპერაცია სჭირდებოდა. დამნაშავედ კი დიეგოს მთავარ ექიმს ლეოპოლდო ლუკეს და კიდევ 6 პირს მიიჩნევენ, მათ, ვისაც დიეგო მარადონას მეთვალყურეობა ევალებოდათ.
აქციის მონაწილეები მარადონას მენეჯერის, მატიას მორლას დაკავებასაც ითხოვენ. მათი თქმით, მენეჯერის რამდენიმე გადაწყვეტილება ყოფილი ფეხბურთელისთვის საზიანო იყო.
დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურორი მისი გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს იკვლევს.