საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ შეხვედრის დაგეგმვა აუცილებელი იყო, რადგან წლის დასაწყისია და ფრაქციამაც უნდა დაგეგმოს, როგორ იმუშაოს წლის განმავლობაში.
დიმიტრი ხუნდაძე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა მსჯელობა დღეს პარტიიდან ეკა ბესელიას გარიცხვის შესახებ, თუმცა როგორც დეპუტატმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ფრაქციის წევრები პრობლემურ საკითხებზე აუცილებლად იმსჯელებენ.
„იქნება პრობლემური საკითხების განხილვაც. ვფიქრობ, მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას გუნდურობა და მთავარი წესი, რომ შიდა საკითხები გარეთ არ გამოვიდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
თუმცა ამ განცხადების შემდეგ დასმულ შეკითხვაზე, ვინ დაარღვია გუნდურობის ეს პრინციპები, დეპუტატმა პერსონიფიცირებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გუნდურობის პრინციპები გუნდში ყველა წევრს ეხება.
1tv.ge