დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს, რაც ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებებად.
“პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე აქციას არც ერთ ეტაპზე არ მიუღია ძალადობრივი ხასიათი. ასევე, აქციის მონაწილეების მხრიდან დეკლარირებული არ ყოფილა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირების განზრახვა. მიუხედავად აქციის ხაზგასმით მშვიდობიანი ხასიათისა, შსს-ს განცხადებიდან რამდენიმე წუთში, სამართალდამცავებმა ჟვანიას ქუჩის მიმდებარე მხარე ფიზიკური ძალის გამოყენებით იძულებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ დააკავეს აქციის 20 მონაწილე.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, პოლიციის მხრიდან დემონსტრანტთა დაკავების ფორმა არაკანონიერი და არაპროპორციული იყო – ათეულობით სამართალდამცავი, რომელთა უმრავლესობა ჩაცმულობის და აღჭურვილობის მიხედვით, არ წარმოადგენდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, წინასწარ მიზანში ამოღებულ აქციის მონაწილეს ფიზიკურად უსწორდებოდა და პოლიციის კორდონში მიათრევდა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს:
„ქართულ ოცნებას”:
დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში და უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს:
საქმიანობაში იხელმძღვანელოს მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
მყისიერად და ეფექტიანად გამოიძიოს, როგორც 13 მაისის დილით, ისე გასული დღეების განმავლობაში სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები”,_ ნათქვამია განცხადებაში.