მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიცე-პრემიერად დანიშვნამ შესაძლოა საქართველოსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ ურთიერთობას ჩრდილი მიაყენოს,_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „ვერხოვნა რადას“ სპიკერისთვის მიწერილ წერილშია ნათქვამი.
წერილი, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ დეპუტატებს აფრთხილებს, ოპოზიციაში კრიტიკის საგნად იქცა.
გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოში უკრაინის შიდა საკითხების განხილვა, ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მომტანია.
უნდა აისახოს თუ არა სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშნვნა ქვეყებს შორის ურთიერთობაზე_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ძაბირაძის თქმით, გაუგებარია, რატომ გახდა ახლა პრობლემა სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნა-არ დანიშვნის საკითხი და ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფას ცდილობს.
„რატომ გახდა დღეს მაინცდამაინც პრობლემა სააკაშვილის დანიშვნა, არ დანიშვნის საკითხი და რატომ აიწია ამან ასეთ დონეზე, როდესაც 6 თუ 7 წლის წინ, სააკაშვილი პოროშენკოს მრჩეველი გახლდათ. მაშინაც ქართული ოცნება იყო საქართველოს ხელისუფლებაში, შემდეგ იყო ოდესის გუბერნატორი და მაშინაც ოცნება იყო საქართველოს ხელისუფლებაში. დღეს რამე განსაკუთრებული ხდება? ამიტომ არ მგონია, რომ ხელისუფლებამ ასეთ რაღაცებს ყურადღება უნდა მიაქციოს. ეს არის პიარი, მე ასე მგონია, როგორც მაშინ იყო. პოროშენკომ მაშინ გამოიყენა სააკაშვილის რეიტინგი უკრაინაში, იმისათვის რომ რაღაც ქულები დაეწერა, თუმცა, ვნახეთ შემდეგ სააკაშვილმა როგორც დაამთავრა მთელი თავის საქმიანობა უკრაინაში. ანალოგიური ვითარება იქმნება ახლაც.
უკრაინა სხვა სტილის ქვეყანაა, სხვა სივრცეები და მასშტაბები აქვს და სააკაშვილი იქ იქნება ვიცე- პრემიერი თუ არ იქნება, რამეს გააკეთებს, არ გააკეთებს, ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი და უკრაინის ურთიერთობა, ვიდრე დავუშვათ დანიშნავენ თუ არა სააკაშვილს თანამდებობაზე.
მგონია, რომ როგორც ნაწილობრივ სააკაშვილის მხრიდან ეს პიარია, ასევე პიარია ნაციონალების მხრიდან, როგორც მაშინ იყო. მგონია,რომ დღეს ხელისუფლება ამას იყენებს, რომ კიდევ ერთხელ მოახდინოს საზოგადოების ორ ნაწილად გათიშვა, ანუ საქართველოს ხელისუფლება და მისი მომხრეები და ოპოზიცია, ნაციონალები და მისი მომხრეები. სხვანაირად ჩვენთვის უკრაინასთან ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე 10 სააკაშვილი ერთად. ღმერთმა მოახმაროს ზელენსკის სააკაშვილი თუ რამეში გამოადგება. ჩვენი მოკავშირეა უკრაინა და მისი წარმატება ჩვენი წარმატებაც იქნება, თუმცა ეჭვი მეპარება, სიმართლე რომ გითხრათ.
გახდება თუ არ გახდება სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერი არ ვიცი, მაგრამ თუ გახდება, მისი დანიშვნა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე არ უნდა აისახოს. ჩვენი საქმე არაა ვის დანიშნავს უკრაინა პრემიერად. თუ საუბარი იმაზეა, რომ სააკაშვილი ძებნილია საქართველოში, ერთი მხარეა მაშინ რამდენჯერ მოთხოვა ახალ ხელისუფლებას სააკაშვილის გადმოცემა, გვახსოვს თურქეთის და ამირიკის პრობლემა გიულენთან დაკავშირებით. თუ არ მოუთხოვიათ გადმოცემა, მაშინ რატომ წუხან დღეს ამაზე.
სააკაშვილმა უნდა გაარკვიოს რომელი ქვეყნის პოლიტიკაში უნდა ყოფნა საქართველოს თუ უკრაინის. თუ მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება, ოღონდ რაიმე თანამდებობაზე დანიშნონ. ასეა საქმე?“_ ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.


































































