„მე, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, ძალიან მარტივად ვიტყვი, მაწუხებს ის, რომ ჩვენი კომისიის ფარგლებში ძალიან ხშირად გაისმის სიტყვა ოზურგეთი და ისმის ოზურგეთში არა ერთი კანდიდატის გვარები და სახელები”, _ ამ სიტყვებით იუსტიციის მინისტრი და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი “სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს და დარღვევებს ეხება.
კერძოდ საუბარია ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებზე, მათ შორის ხაშურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
მინისტრის განცხადებით, უწყებათაშორის კომისიაში ძალიან ხშირად ისმის ოზურგეთის არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია და ამავდროულად, საუბარია ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე კანდიდატების სახელებსა და გვარებზე.
თეა წულუკიანი მოუწოდებს ყველა იმ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობისა თუ მერობის კანდიდატს, სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება, იმოქმედონ დემოკრატიული პრინციპებით და არჩევნები ჩაატარონ კონკურენტულ და მშვიდობიან გარემოში.
„მე ვისურვებდი, რომ ეს ასე არ იყოს, რადგან ჩვენს მაგიდაზე მოდის საჩივრები, ინფორმაცია ერთი და იგივე მუნიციპალიტეტის, ორი სამი გვარი და სახელი მეორდება კანდიდატების, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არის გარკვეული ტიპის პრობლემები და მე ვისურვებდი, რომ ოზურგეთში და ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება, პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესს, რომელიც გულისხმობს მშვიდობიან, თანასწორ და კონკურენტულ პირობებში არჩევნების ჩატარებას. ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში კანდიდატებმა უნდა უზრუნველყონ, რომელიც პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.