ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გაბელია სოციალურ ქსელში ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს.
“გაზაფხულზე რომ ამბობდნენ “არასწორი მონაცემებია, ბევრად მეტი კოვიდიანი დადის გარეთ, ვიდრე აღრიცხულიაო”- სასაცილოდ არ მყოფნიდა. იმიტომ, რომ მამაძაღლობის გამო მოგონილი ტყუილი იყო და ზუსტად ვიცოდით რაოდენობა. ახლა, დარწმუნებული ვარ, რომ გამოვლენილზე ბევრად მეტი ავადდება ყოველდღიურად. არა, ვინმე კი არ მალავს- ბევრი ვერ, ან არ იტესტება, მკურნალობენ სახლში, ბედს მინდობილები (კარგია, თუ ოჯახის ექიმს მიაწვდინეს ხმა). ვცდილობთ, რომ რამოდენიმე ადამიანს ჩვენმა, სტაციონარის ინფექციონისტებმა გაუწიონ შინ მეთვალყურეობა.
ძალიან მძიმე პერიოდი გვიდგას!!
მხოლოდ მთელი ერის ერთობლივი მობილიზაციით თუ გავალთ ფონს, მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით. ძალიან ვერაგი დაავადებაა! თითქმის გამოჯანმრთელებულებშიც იცის უეცარი სიკვდილი, ემბოლიის გამო.. წუხელაც ისეთი ტრაგედია.. ამდენი რამის მნახველი და გადამტანი – თავად შოკში ვარ და უკვე მიჭირს სხვების დამშვიდება, ოპტიმიზმის შენარჩუნება…
პირველ რიგში, ყველანაირად შეეცადეთ არ დაგემართოთ!! ისეთი გადამდებია, ერთს თუ დაემართა, თითქმის ყველას ედება ოჯახში. ახლა თუ ტემპერატურა, ან “გრიპის სიმპტომატიკა” გაქვთ, გაუტესტავადაც ჩათვალეთ 90% კოვიდი გაქვთ. დაუკავშირდით ოჯახის ექიმს, ან ნებისმიერ ინფექციონისტს რჩევისთვის. თუ სუნთქვის უკმარობა არ გაქვთ, იმართება ჩვეულებრივ, როგორც გრიპი- ანუ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პირველ დღეებში ანტიბიოტიკი!!! მით უფრო- ძლიერი, მაღალი თაობის. მხოლოდ სიცხის დამწევები და ბევრი ცხელი სითხე. სტაციონირება საჭიროა მხოლოდ სუნთქვის უკმარობისას- ნუ დაიკავებთ მძიმე ავადმყოფის ადგილს კლინიკაში – კატასტროფულად არ გვეყოფა ამ შემთხვევაში ადგილები- თუნდაც ხუთჯერ მეტი საწოლფონდი გვქონდეს. გაითვალისწინეთ, პალატებიც გადატვირთული გვაქვს საწოლებით, მდგომარეობის გამო და ნუ გაიკვირვებთ.“ – წერს დავით გაბელია.