შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 1983 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ა.ზ.-მ და 1965 წელს დაბადებულმა ნ. გ.-მ მიმდინარე წლის 26 იანვარს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის საძოვრიდან ადგილობრივი მცხოვრების კუთვნილი ძროხა მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულები მომხდარიდან 2 საათში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოპარული ცხოველის გადამალვას ცდილობდნენ. პოლიციამ მოპარული ძროხა პატრონს დაუბრუნა.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.