ქალაქ ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე მცხოვრებ ჟუჟუნა ლაცაბიძეს საცხოვრებელი სახლი 2017 წლის 23 აპრილის სტიქიამ მნიშვნელოვნად დაუზიანა. როგორც დაზარალებული “ გურია ნიუსთან“ ამბობს, ქარიშხალმა მის სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულ სახურავში, ძველი ელექტროგადამცემი ხაზების გამო ცეცხლიც გაჩნდა.
სტიქიის გამო, ოზურგეთში, მაშინ სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი საგანგებო შტაბიც იყო შექმნილი.
_ სტიქიიდან მეორე დღესვე დავწერე განცხადება ოზურგეთის მერიაში. მოვიდნენ კიდეც გადაამოწმეს და ნახეს ჩემი სახლი სახურავახდილი. დაასურათეს და მითხრეს, რომ აუცილებლად დამეხმარებოდნენ.
იმის მერე ყოველ კვირაში დავდიოდი მერიაში. ახლაც დავდივარ, ვყვირი, ვჩხუბობ, ვიხვეწები დახმარებას და შედეგი ისევ არ ჩანს.
ყველა ოთახში წყალი ჩამომდის. გასაქანიც არ არის. დღეს ვიყავი მერიაში და ასე მითხრეს, ძველ ხელისუფლებას მოკითხე, ჩვენ რა შუაში ვართ, თუ მაგათმა არ მოგცეს სახურავი, ჩვენ რას გვთხოვო, ჩვენ დროს ხომ არ დაზარალდიო? რამდენჯერაც მივედი ახალი მერი სამსახურში არ იყო, ესაა მთავრობა? როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, ვის მივმართო დასახმარებლად?
ყველა ოთახში ჩამოდის წყალი, ლოგინებს აქეთ–იქით დავარბენინებ, ვართ სოციალურად დაუცველები, უმუშევრები.
სტიქიის დროს ელექტროგადამცემ ხაზებს ცეცხლი გაუჩნდა.
ჩემს მეზობლად დაუხურეს სახლები, ჩვენ დაგვტოვეს. როგორც ჩვენ ვიცით, ამისთვის გამოყოფილი იყო 7 000 ლარი, სად გაქრა ეს ფული, არჩევნები დაემთხვა შემდეგ.
აი ნახეთ თუ შეიძლება აქ ცხოვრება? _ ამბობს დაზარალებული ჟუჟუნა ლაცაბიძე.
2017 წლის 23 აპრილს სტიქიის შედეგად დაზარალებული ჟუჟუნა ლაცაბიძის სახლი, რომელიც შემოქმედელის ქუჩა #1-ში მდებარეობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ არის შესწავლილი. ამ ეტაპზე დამზადებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სახლის გადასახურად. გამომდინარე აქედან, მას ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას აუცილებლად გაუწევს, აღნიშნავენ ოზურგეთის მერიაში.