გთავაზობთ სააღდგომო ტრადიციების მიმოხილვას ნ. აბაკელიას, ქ. ალავერდაშვილისა და ნ. ღამბაშიძის წიგნიდან “ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი“.
“აღდგომას დასავლეთ საქართველოში ყველა ადრიანად ემზადებოდა ცისკარზე წასავლელად; ახალი მიცვალებულის პატრონი თავისი ჩამოსარიგით მიდიოდა თავისი მიცვალებულის საფლავზე და იქვე სუფრაზე აწყობდა სანოვაგეს; გათავდებოდა თუ არა ცისკარი, მღვდელი ჩამოივლიდა ყველა სუფრას, აკურთხებდა და შემდეგ ჭირისუფალი თავისი სანოვაგიდან ურიგებდა ცოტ-ცოტას ყველაფერს იქ მყოფთ. ოჯახში კი, სანამ სადილად დასხდებოდნენ, უფროსი ქალი აიღებდა საოჯახო განატეხს (ანთებული სანთელი კედელზე უნდა ყოფილიყო მიკრული), ჭიქით ღვინოს, განატეხს წაღმა შეატრიალდებდა და დაილოცებოდა: “აღდგომის ძალო და მადლო! კაი წელიწადი დაგვიყენე, ბევრი აღდგომა მოასწარი ყველა ჩვენიანს”.
განატეხი დანაწილდებოდა და ოჯახის ყველა წევრს უნდა შეეჭამა სადილობამდე. თითოეულ სუფრაზე ოთხი ან ხუთი წითელი კვერცხი ელაგა. ამავე დღეს ბევრი ოჯახიდან გავიდოდნენ მინდორზე, გაიტანდნენ ხორცს, კვერცხებს, ღვინოს. აქვე მოვიდოდნენ სხვა ოჯახებიდან თავ-თავის მარაგით და მინდორზე ერთად ქეიფობდნენ. ვისაც საკურთხი ჰქონდა, ეკლესიაში კურთხევის შემდეგ მღვდელს მისცემდა მის წილს – ერთ ნათალ ხორცს, ორ სულის პურს, ერთ ლავაშს და ნახევარ ბოთლს ღვინოს, დანარჩენ სანოვაგებს კი შინ მოიტანდნენ. ამ დღეს სულ წითელ-წითელი კვერცხები ჰქონდათ, როგორც საკურთხად, ისე ოჯახში.
აღმოსავლეთ საქართველოში, იქ, სადაც ეკლესიები იყო, ხალხი წირვა-ლოცვას ესწრებოდა, ზიარებას იღებდა. კახეთში ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები გადიოდნენ სასაფლაოზე, აგორებდნენ კვერცხებს. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. კლავდნენ ქათმებს, ინდაურს, მიცვალებულს უჭრიდნენ ზურგიელს, იმ ქვეყნად წყლის დალევის ნება რომ მიეცათ, ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. აღდგომას უხაშო კაკანტელებს აცხობდნენ და არიგებდნენ. იცოდნენ კვერცხებით თამაში. კვერცებს და კელაპტრებს უგზავნიდნენ. მთაში იმართებოდა ხატობა, ზოგან “საწულე” მიყავდათ, სამართლებრივი ხასიათის წესებიც სრულდებოდა, მაგალითად: სამანის ჩასმა, ჭკდის ამოგდება, დარისხება (მთიულეთში).
ხევში ბავშვები სახლში ჩამოკიდებულ მარხვას ჩამოხსნიდნენ, ფეხს ამოკრავდნენ, ჯოხს ურტყამდნენ და იძახდნენ: მარხვა გაჩანჩალდაო, ხსნილი მე დამრჩაო, ყველ-ერბო მე დამრჩაო.”