საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მას წერილობითი მტკიცებულება გააჩნია, რომელიც მეუფე პეტრეს მხრიდან პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორებისა და მოკვდინების მცდელობას ადასტურებს. ამის შესახებ ქარჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუმცა კითხვაზე – რა გზით აღმოჩნდა მის ხელში მამხილებელი მტკიცებულება, პასუხისგან თავი შეიკავა.
„გამაჩნია მტკიცებულებები და თუ წმინდა სინოდის წევრები დაინტერესდებიან ამის შესახებ, მე შემიძლია მტკიცებულებები მათ წარვუდგინო და დავუმტკიცო, რომ ის [მეუფე პეტრე] ებრძვის კათოლიკოს-პატრიარქს, უნდა მისი საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება და მისი მოკვდინება. ეს არის წერილობითი მტკიცებულება და ასევე ის ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნია. საიდან გამაჩნია, ამ ინფორმაციას გავანდობ მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსებს, იმ დაინტერსებულ პირებს, ვინც მე მომმართავს“, – აღნიშნა ქარჩავამ.
ქარჩავას თქმით, აღნიშნული ე.წ. ციანიდის საქმეს პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა არაპირდაპირ კავშირი არსებობს. „ციანიდის საქმესთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, არაპირდაპირი არის ის, რომ მეუფე პეტრე თავისი ადვოკატით [მიხეილ რამიშვილი] იცავს მამა გიორგი მამალაძეს“, – აცხადებს ედიშერ ქარჩავა.
როგორც საპატრიარქოს იურისტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან „არაერთხელ შეუთვალა მეუფე პეტრეს, გაჩერებულიყო, დედაეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ არ ემოქმედა“.
„ის [მეუფე პეტრე] სინქრონში და ერთდროულად მოქმედებს მათთან ერთად, ვინც მომხრეა სინოდალური მმართველობის და სურვილი აქვთ, რომ ეკლესიას არ ჰყავდეს მეთაური, რაც პირადად ჩემთვის დაუშვებელია“, – აცხადებს ქარჩავა.
კითხვაზე – მიმართავს თუ არა სინოდს, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან ჩამოშორების თხოვნით, ედიშერ ქარჩავა პასუხობს, რომ მისი საჯარო განცხადება მიმართვის ტოლფასი იყო.
„არათუ მე, არამედ ნებისმიერი ერისკაცს, რომელიც არის დედაეკლესიის წევრი, შეუძლია საჩივარ-განცხადებით მიმართოს საპატრიარქოს და წმინდა სინოდს, რათა განიხილოს ნებისმიერი სასულიერო პირის საკითხი. მე ეს მიმართვა ფაქტობრივად გავაკეთე“, – აღნიშნავს საპატრიარქოს იურისტი.
ედიშერ ქარჩავას განმარტებით, ის სიტყვა – მოკვდინებაში არა სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, არამედ საეკლესიო ტერმინს გულისხმობდა.
„ვინც ამ ტერმინის მნიშვნელობა იცის, იციან, რომ ეს ქმედება მიმართულია პირდაპირ ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ანუ ის ყველა დაუშვებელი თუ დასაშვები ხერხით ცდილობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი მოაცილოს საპატრიარქო ტახტს“, – აცხადებს ედიშერ ქარჩავა.
1tv.ge