ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, რეზი ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, რ.ნ.-მ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ნასიძის დედა კი ამბობს, რომ მისმა შვილმა შემთხვევამდე 2 თვით ადრე ჰაიმორიტი გადაიტანა, ახლა კი ვირუსი და მაღალი სიცხე ჰქონდა და ექიმს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოსთხოვა.
„რეზი მომიყვა, ექიმს ვუთხარი, ძალიან მაგარი თავის ტკივილები მაქვს, დამამშვიდებელი გამიკეთეთო. დამამშვიდებელი არ გვაქვსო, უთქვამს ექიმს. მაშინ, მორფიუმი, ან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეთო, უთქვამს. მორფიუმი ჩემგანაც იცის, რადგან ონკოლოგიური პაციენტი ვარ. მორფიუმი იმიტომაა საავადმყოფოში, ადამიანს არანორმალური ტკივილი როცა აქვს, გაუყუჩონ.
ეტყობა, მარტო რომ იყო, თან ძალიან ახალგაზრდა, მორფი რომ ახსენა, ჩათვალეს, რომ ნარკომანი იყო. თავი გამიყუჩეთ, ძალიან ცუდად ვარ, როგორ მელაპარაკებით, ან რა ტონით, ან რა ძმაოებით, ექიმი ხარ თუ ძველი ბიჭიო, რეზის უთქვამს. არა, კარგი ბიჭი ვარო, ექიმს უპასუხია. კაი ბიჭი კი არა, უზრდელი ხარო, შეეპასუხა რეზი. უზრდელიც ხარ და გაუზრდელიცო ექიმს უთქვამს და დაწოლილმა რეზიმ მოიქნია ხელი, რომელიც ექიმს მოხვდა.
მთავარი ექიმი ამბობს, სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაჟეჟილობები აქვს მიღებულიო. საოცარია, რანაიდრად უნდა მიეღო დაჟეჟილობები, დაწოლილი პაციენტის ხელის მოქნევით, რომელიც არ ამდგარა. ეს ინციდენტი რამდენიმე წამში ამოიწურა“, – აცხადებს თამარ ნიშნიანიძე.
როგორც ის განმარტავს, მსახიობი საავადმყოფოში ძლიერი თავის ტკივილით მივიდა, მანამდე კი სახლში მკურნალობდა.
„იმისთვის წავიდა საავადმყოფოში, იქნებ მიშველონ და ტკივილი მომიხსნანო, თორემ არც სახლში დამიკლია რამე. როგორც გითხარით, ონკოლოგიური პაციენტი ვარ, მედიკამენტები სულ მაქვს სახლში და ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ არაფერმა გაუყუჩა. სასწრაფო რომ მოვიდა, 39 ჰქონდა სიცხე, დიმედროლი-ანალგინი გაუკეთეს, მაგრამ ტკივილებისგან კინაღამ გაგიჟდა. 3 იანვარს გადასხმები გავუკეთე, 4 იანვარს სასწრაფო გვყავდა, ფილტვებში არაფერი აქვსო, თქვა. სასწრაფოს წასვლის შემდეგ, ძალიან ცუდად გახდა, ისევ სასწრაფო გამოვიძახეთ, ამის ჩანაწერებიც არსებობს. მთელი ღამე 40 ჰქონდა სიცხე. რაღაც მომენტში ბოდავდა, საავადმყოფოდან როდის გამწერენო და შემეშინდა. დილით გული აერია, ფეხზე რომ ადგა – დაეცა, მიშველეთ თავი მისკდებაო. სასწრაფომ საავადმყოფოში 39 სიცხით გადაყვანა. თავის არანორმალური ტკივილი ჰქონდა. ორი თვის წინ, ჰაიმორიტზე იმკურნალა, იფიქრა, ამან ხომ არ გაამწვავაო. სერიოზულ პანიკაში ჩავვარდით, იფიქრა, საავადმყოფოში მაინც გაიგებენ, რა მჭირსო. იქ მორფიუმი მოითხოვა, რომელიც ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია“, – აცხადებს ნიშნიანიძე. მისივე თქმით, ამჟამად რეზი ნასიძე ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობას.
შეგახსენებთ, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომლის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.





































































