ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შვებულებაში სამჯერ გავიდა. ქობულია შვებულებაში გასვლის მიზეზითვე არ დასწრებია გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტს საქართველოში.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეკონომიკის მინისტრი თანამდებობაზე აღარ დაბრუნდეს.
კითხვაზე, რატომ გადის ასე ხშირად ქობულია შვებულებაში და შესაძლებელია თუ არა, რომ ეკონომიკის მინისტრი თანამდებობაზე აღარ დაბრუნდეს? _პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პასუხობს, რომ ასეთი საუბრები საფუძველს მოკლებულია.
“ზოგადად, მე რომ ყველაფრის შეფასება და განმარტება გავაკეთო, რაც იწერება და რასაც ამბობენ, ალბათ, დღევანდელი დღე სრულად რომ დავუთმო, მაინც არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, ამ საუბრებს საფუძველი არ აქვს“, _განაცხადა პრემიერმა.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია პოსტზე თვეზე მეტია, რაც დაინიშნა. ეკონომიკის მინისტრს, ხშირად აღებული შვებულებების გამო, საზოგადოების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს.