მე ელენე ვაშალომიძე ვარ და მიმაჩნია, რომ ვარ აქტიური მოქალაქე.
დღეს-დღეობით ევროკავშირი გახლავთ 27 დემოკრატიული სახელმწიფოს გაერთიანება და მიზნად ისახავს კეთილდღეობის, თავისუფლების და მშვიდობის უზრუნველყოფას.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიხედვით, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროპაში, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია; ამაში კი დიდი წვლილი შეაქვს არაფორმალურ განათლებას.
პირად მაგალითზე გიამბობთ: ვარ ლიდერთა სკოლის მოსწავლე, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩემს ინტერესს საერთაშორისო ასპარეზისა და პროექტების მიმართ _ წლების განმავლობაში უამრავ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
ბოლო იყო ერასმუს პლუსის მიერ ორგანიზებული გაცვლითი პროგრამა კვიპროსში, რამაც დიდად შეუწყო ხელი ჩემს განვითარებას.
იმის გარდა, რომ კარგად გავერკვიე კვიპროსის კულტურაში, გავიცანი ევროკავშირის წევრი ექვსი ქვეყნის წარმომადგენელი ჩემი თანატოლი, გავიგე მათი ხედვები, მიზნები და ზოგადი შეხედულებები მომავალზე.
ეს არის სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის სტერეოტიპების მსხვრევისა და ურთიერთ გაგების ჩამოყალიბების შესაძლებლობა. მეტიც _ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს კრიტიკული უნარების განვითარებას, ადაპტაციის, კომუნიკაციის და სხვა უნარების გამომუშავებას.
ჩემთვის ეს იყო პირველი გამოცდილება საზღვარგარეთ გასვლის და გარდამტეხი ჩემს ცხოვრებაში _ საკუთარ სამშობლოში დავბრუნდი ახალი მოტივაციით, რათა მიღებული ცოდნა და ენთუზიაზმი გამოვიყენო, ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი სამშობლოს განვითარებაში.
“გურია ნიუსმა” მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).
“გურია ნიუსი” ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. “გურია ნიუსის” მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას